23 დეკ 2018 21:08 20507

«წარმატებამდე ძალიან რთული გზა გამოვიარე, შიმშილობამ და უსახსრობამ მიმიყვანა იქამდე, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი...»

საოცარი ქალბატონი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ეტალონია ყველა იმ ღირებულებისა, რაც ადამიანის სულის სამშვენისია და სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცევს. მასზე ბევრი დაწერილა, ბევრიც დაიწერება, ბევრი თქმულა და ბევრიც ითქმება, იმიტომ რომ უმაღლესი პილოტაჟის პროფესიონალია, მაგრამ ჩემთვის ის არის ადამიანი, რომელსაც არასოდეს უვლია მარტივი გზებით, რომელმაც საკუთარ თავზე გამარჯვება იზეიმა, სიცოცხლესთან «თამაშით» დაწყებული, ყველა სირთულე გადალახა და დღეს ის უამრავი ადამიანის იმედია. არადა იმედს ქალის სახელი რომ ჰქონდეს, მე მას გენრიეტას დავარქმევდი. გაიცანით, ყველგან და ყველაფერში პირველი, ყველაზე მოთხოვნადი ექოსკოპისტი - გენრიეტა გაგოშიძე, რომელიც წლებია დავით გაგუას სამშობიარო კლინიკის სახე და წამყვანი ექიმი-რადიოლოგია.  

რატომ გადავწყვიტე მასთან ინტერვიუ?

ამბობენ, გენრიეტა გაგოშიძე ორსულობის ადრეულ ვადაში ნაყოფის სქესს შეუმცდარად არკვევს, პაციენტების საყვარელი ექიმი და მათი დიდი გულშემატკივარია. მასში იმ თვისებათა კრებულია, რაც ბევრი ექიმისგან განსხვავებულს ხდის.  მოკლედ, ბევრი ისტორია მოვისმინე და ადამიანები ყველა ისტორიაში მის მიმართ მხოლოდ მადლიერებას გამოთქვამდნენ. გადავწყვიტე, პირადად გამეცნო და ინტერვიუ ჩამეწერა პაციენტებისგან ნაქებ ექიმთან. ქალბატონ გენრიეტას შევუთანხმდი და დათქმულ დროს კლინიკაში ვესტუმრე, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! როგორ გავაპო ხალხის ტალღა, აღარ ვიცი, თუმცა როგორღაც შევაღწიე   ნაქები ექიმის კაბინეტში და აი, ისიც - ქარიზმატული და ყველაზე ენერგიული ქალბატონი, ვინც კი აქამდე მინახავს... თითქოს მასში გაცოცხლებულიყვნენ ძველი ბერძნული სილამაზისა და გრაციის ქალღმერთები, სახელად «ქარიტები», რომლებსაც უხვად დაუჯილდოებიათ შარმით და ქალური მომხიბვლელობით. ძლიერი, ლოიალური, შემოქმედი და ძალიან საინტერესო, არასოდეს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით, საკუთარი თავის რწმენის გასაოცარი უნარი მას გამუდმებით უბიძგებს, ახალ-ახალ სირთულეებს შეეჭიდოს და მწვერვალები დაიპყროს! მას ანალიზის ზებუნებრივი შესაძლებლობა აქვს და ამის წყალობით შეუძლია ყველაფრის არსის გაგება. მაქსიმალისტია, გამოირჩევა პროგრესულობით და ბრძოლისუნარით და ამიტომაც ბევრჯერ დაიდგა გამარჯვების დაფნის გვირგვინი.  

განათლებაზე, გამოცდილებაზე, წარმატების საიდუმლოსა და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე თავად ქალბატონი გენრიეტა გვესაუბრა.

გენრიეტა გაგოშიძე:

- ჩემი კარიერა უკრაინაში დაიწყო. ვმუშაობდი გენეტიკურ ცენტრში, რომელიც ჩერნობილის შემდგომ ხარკოვის მთელი ოლქის სამმილიონიან მოსახლეობას ემსახურებოდა. ჩვენთან სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდნენ ადამიანები და ნანახი მაქვს უამრავი განვითარების, თანდაყოლილი უიშვიათესი მანკი, რაც შესაძლოა, საქართველოში მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ვერასდროს ნახო. ჩერნობილისგან გამოწვეული დაავადებების ფონზე მივიღე უდიდესი პრაქტიკა, როგორ უნდა მოხდეს თანდაყოლილი მანკების ადრეულ ვადაზე დიაგნოსტიკა, აგრეთვე, სქესთან შეჭიდული უამრავი პათოლოგია. იქ ძალიან ბევრი იყო სქესთან შეჭიდული პათოლოგია. მაგ.: ჰემოფილია, ამიტომ გენეტიკურ ცენტრში ძალიან ადრეულ ვადაზე უნდა გაგვერკვია სქესი, რომ სქესის მიხედვით გადაეწყვიტათ, შეწყვეტილიყო ორსულობა თუ გაგრძელებულიყო. მოგეხსენებათ, რომ ბიჭის შემთხვევაში ჰემოფილია განიცდის მანიფესტაციას, ხოლო გოგოს შემთხვევაში ჩვეულებრივად შეიძლება ბავშვის გაჩენა. ამ დიდი გამოცდილების შედეგია, რომ ბავშვის სქესს ძალიან ადრე, 12 კვირამდეც კი ვხედავ.

- ქალბატონო გენრიეტა, თქვენი კაბინეტის კართან მუდმივად რიგია, გასაგებია, რომ ეს ექიმის პროფესიონალიზმით არის განპირობებული, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, მაინც რა კრიტერიუმით განიჭებენ უპირატესობას თქვენი პაციენტები?

- პაციენტს, გარდა იმისა, რომ კვალიფიციურად უნდა მოემსახურო, მაქსიმალური ყურადღება და ემოციური მხარდაჭერაც სჭირდება. ხშირად მითქვამს, რომ სიტყვა კურნავს... თანაგრძნობა ექიმისთვის აუცილებელი პროფესიული თვისება უნდა იყოს. როცა ჩემთან პაციენტი მოდის, ვცდილობ, მის მდგომარეობაში შევიდე, ზუსტი მიმართულება ვუჩვენო. ძალიან უშუალო ურთიერთობები მაქვს მასთან და ამიტომაცაა, რომ ერთხელ მოსული პაციენტი ყველა ორსულობაზე ჩემთან მოდის.  პაციენტების უმრავლესობას ვიცნობ, 10 წლის მერეც კი, დავინახავ თუ არა, ვიხსენებ მის ანამნეზს. ზერელედ მუშაობა არ მიყვარს... მეც ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს: ორსულობა, შვილის მოლოდინი და შვილის გაჩენის სიხარული. ხალხი ხვდება, სადაა ექსპერტული დონე, სად არის  მაღალი ხარისხი და ამიტომაც მიდის იქ, სადაც ასეთი მომსახურება ელოდება.

- საუბარია, რომ აბორტების პრევენციის მიზნით, უნდა აიკრძალოს ბავშვის სქესის წინასწარ გაგება, რამდენად სწორია ეს ინიციატივა და რას ფიქრობთ ამაზე?

- თუ ჩვენ ავკრძალავთ ბავშვის სქესის გაგებას, ის აუცილებლად გადაინაცვლებს კულუარებში, ამიტომ აკრძალვა არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის ადამიანის თვითშეგნების ამაღლება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ, როგორც კი სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი შეერწყმება, ის უკვე ადამიანია და მისი სიცოცხლის ხელყოფა ისეთივე დანაშაულია, როგორც ზრდასრული ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა.

საბედნიეროდ, ამ მხრივ, დღეს ბევრად უკეთესი ტენდენციაა და იშვიათად ხდება, როცა ორსულობის შეწყვეტის მიზნით მოდიან სქესის გასაგებად. ასეთ დროს ვამბობ, რომ არ შემიძლია მოცემულ ვადაზე მისი დიაგნოსტიკა. 

- ექოსკოპიურ კვლევებში ბადალი არ გყავთ, ხედავთ ისეთ პათოლოგიებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ ამ სფეროში, ფაქტობრივად, ისტორიას წერთ, რამდენად რთულია, მშობელს უთხრა ის, რისი მოსმენაც ძალიან მძიმეა?

- როდესაც საქართველოში პირველი ექოსკოპიური კვლევები წამოვიდა, მაშინ უკრაინაში ვიყავი, მაგრამ, როგორც კი ჩამოვედი, საკმაოდ ღრმად ჩავები ამ პროცესებში და ბევრი პათოლოგიის აღმოჩენა და მათი დასახელებაც კი მე მეკუთვნის. მაგ.: წინათ, თუკი დაინახავდნენ, რომ ნაყოფის ნაწლავები ჭიპიდან გარეთ გამოდის, აუცილებლად უნდა შემწყდარიყო ორსულობა. მე ვიყავი პირველი და დღესაც მახსოვს იმ გოგონას სახე, ვისზეც ვთქვი, რომ არ უნდა შეწყდეს ორსულობა, გვადროვეთ 12 კვირამდე და 12 კვირაზე დაიხურება ეს პრობლემა-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. დღეს ეს უკვე ყველამ იცის.

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის,  რომ პაციენტმა მიიღოს ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი?

- როდესაც კვლევას ვიწყებ, პათოლოგიის არსებობის შემთხვევა 90 პროცენტში მაშინვე ვლინდება. ყველა მეუბნება, რომ ეს არის პროფესიონალიზმი. ძალიან ცუდია, რომ პაციენტებს გადამოწმებაზე უწევთ სხვადასხვა ექიმებთან სიარული, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საქართველოში გვყავდეს ექსპერტის დონის სპეციალისტები. ცუდია, როცა მეც და ჩემზე ბევრად უმცროსი სპეციალისტიც, რომელმაც სულ რაღაც გუშინ დაწყო ეს საქმე, ერთ დონეზე მოვიაზრებით.

- რა შეიცვლება ექსპერტის სტატუსის მინიჭებით?

- უნდა იყოს კონსილიუმი, რომელიც გადაწყვეტს ყველაფერს და ექსპერტის დასმული დიაგნოზის მერე პაციენტმა აღარ უნდა ირბინოს სხვაგან გადამოწმებაზე, რაც დამატებით დროსა და ხარჯებს უკავშირდება. მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის ექსპერტული დონის დიაგნოზი და გადამოწმებას აღარ ექვემდებარება. ეს იქნება ბოლო ინსტანცია, რომელიც დასვამს მაღალკვალიფიციურ დიაგნოზს. სულ ვამბობ - გამოიყენეთ ჩემი ცოდნა, თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, იკითხეთ და შემდეგში გეცოდინებათ.

- როგორი ხართ თეთრი ხალათის მიღმა?

- ყველაზე დიდი ფასეულობა ჩემთვის ადამიანობაა, ხოლო ყველაზე ღირსეული სიტყვა - ადამიანი. ჩემი პაციენტები ყოველდღიურად მავსებენ არაჩვეულებრივი განცდით. მათ ისეთი აურა შემოაქვთ, რაც დადებით ემოციებს იწვევს ჩემში და დღის განმავლობაში დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ. ეს ადამიანები მაძლევენ ძალას, რომ დაუღალავად ვემსახურო ჩემს საქმეს. პაციენტების დიდი ამალა, რომლებიც ეკრანზე საკუთარი შვილების დანახვისას უზომოდ ბედნიერები არიან, იმხელა ემოციაა, ღმერთს ყოველდღიურად ვუხდი მადლობას, რომ ისეთი პროფესია მომანიჭა, რომელიც არა მხოლოდ საარსებო წყაროს მაძლევს, არამედ საოცრად მაბედნიერებს. როგორი მდიდარიც არ უნდა ვიყო, ვერასოდეს დავჯდები სახლში და ვერ ვიტყვი უარს იმ ემოციებზე, რასაც ყოველდღიურად სამსახურში ვიღებ.  ჩემი პროფესიის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.

ოჯახი:

ქალბატონ გენრიეტას საოცრად ლამაზი სიყვარულის ისტორია აქვს, მისი მეუღლე დავით ჟორჟოლიანი, რომელიც პროფესიით გინეკოლოგია, ამ მშვენიერი ქალბატონისთვის არაფერს იშურებს, ოღონდ კი გააბედნიეროს და მის თვალებში მუდამ ვარსკვლავებს ხედავდეს. ამბობენ, გენრიეტას მისი ქმარი ხელისგულზე ატარებს და სიცოცხლეს ურჩევნიაო. დღეს ორი ულამაზესი ქალიშვილის მშობლები არიან. ცხოვრება ჩასაფრებული პარტიზანივითაა და არასოდეს არ იცი, რას გიმზადებს, ქალბატონი გენრიეტა საინტერესო ისტორიას გვიყვება: «მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამ სფეროში ვმოღვაწეობთ და მოდგმაშიც უამრავი მეან-გინეკოლოგი გვყავს, შვილი 7 წლის განმავლობაში არ გვყავდა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე. უკვე საკმაოდ ცნობილი ექოსკოპისტი ვიყავი, უამრავ ორსულთან ურთიერთობა მიწევდა და ამ დროს თავად სულ ვნატრობდი მათ მდგომარეობაში ყოფნასა და ორსულობას».

- მართალია, რომ ორსულობის დროს საკუთარ თავს უკეთებდით ექოსკოპიას?

- დიახ, ძალიან მარტივად ვაკეთებდი ამას, წინ გაქვს მონიტორი, სადაც ყველაფერი შესანიშნავად ჩანს და რამდენ ხანსაც გინდა დააკვირდები, არ მეგულებოდა ადამიანი, ვინც უფრო დაკვირვებით შეხედავდა ჩემს შვილს. სულ მქონდა იმის შიში, რომ რამე ცუდი არ დამენახა, მაგრამ ესეც დავძლიე. ორი ქალიშვილი მყავს, უფროსი 12 წლისაა, უმცროსი - 10-ის.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- უსაზღვროდ შრომისმოყვარე ვარ, დაღლა ჩემთვის უცხოა. ძალიან პრინციპული ვარ საქმის მიმართ. წარმატებამდე ძალიან რთული გზა გამოვიარე, შიმშილობამ და უსახსრობამ მიმიყვანა იქამდე, რომ ინსტიტუტში საუკეთესო ვყოფილიყავი. სტიპენდიით ვირჩენდი თავს, რუსეთში ვსწავლობდი და ჩემი სტიპენდია ასი დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა, რაც იმ დროს სტუდენტისთვის საკმაოდ კარგი შემოსავალი იყო. თუ სტიპენდიას დავკარგავდი, დავკარგავდი ერთადერთ საარსებო წყაროს. ფრიადოსნობით ჩემთვის, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვიბრძოდი, მეორე მხრივ იყო სიამაყე და ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის სურვილი. როდესაც უნივერსიტეტში ამბობდნენ, რომ საუკეთესო ვიყავი, ეს ენით აუწერელი განცდა იყო ჩემთვის. ჩემს სწავლაზე ლეგენდები დადიოდა ინსტიტუტში. სწავლა ჩემთვის ყოველთვის  პრიორიტეტი იყო. გამოცდებზე სხვა სპეციალობის პროფესორებიც მოდიოდნენ, ჩემი გამოსვლა რომ მოესმინათ.

- და ამიტომაც საუკეთესო ორატორი ხართ... რას უსურვებთ თქვენს პაციენტებს?

- თქვენი გაზეთის საშუალებით ვისარგებლებ და არამარტო ჩემს პაციენტებს, მთელ საქართველოს მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩემს ერს ვუსურვებ მშვიდობასა და გამრავლებას.

ნინო მახარაძე