15 იან 2020 10:51 490
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება.
ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ჯანაშია დაიკითხება.
„დღეს დაიკითხება ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ჯანაშია და მის დაკითხვამდე განიხილება მისივე შუამდგომლობა სასამართლოს სხდომის დახურვაზე, რომელსაც ის ითხოვს მისი ჩვენების ნაწილში, რამეთუ დისკომფორტი ექმნება მასმედიისა და პრესის თანდასწრებით. ჩემი აზრით, მას დისკომფორტი აქვს რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან მიღებული დავალებები და საპარლამენტო კომისიიდან მიღებული დავალებები, თუ როგორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სასამართლოს, უჭირს და დამატებითი დრო სჭირდება ტრენინგისთვის, რათა კიდევ ერთხელ გაიაროს თავის ადვოკატთან ერთად და ჩამოყალიბდეს სავარაუდო კითხვებსა და პასუხებზე. არანაირ სამართლებრივ საფუძვლებში არ ჯდება ჯანაშიას ადვოკატის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლე მას არ დააკმაყოფილებს, რადგან სამართლებრივად გაუმართლებელია“, – განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.