15 იან 2020 16:03 577
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, 2019 წელი საქართველოში გამოირჩეოდა პოლიტიკური დაძაბულობითა და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით, რომლებიც იმართებოდა საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით.
ორგანიზაციის თქმით, 20 ივნისის აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რის შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა, ზოგიც დააკავეს. ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ მოჰყვა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა, ხოლო მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ „2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა“.
ორგანიზაციის შეშფოთება გამოიწვია, მაგალითად, არასაკმარისმა რეგულაციებმა შრომით კანონმდებლობაში, მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხემ, „გაუმართლებლად მკაცრი“ ანტინარკოტიკულმა კანონმდებლობამ, ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა დისკრიმინაციამ.
თავისი შენიშვნები ორგანიზაციამ ბლოკებად გამოჰყო:
სამართალდამცველთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე - ორგანიზაციის დასკვნით, ეს საკითხი საქართველოსთვის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ყურადღება გამახვილებულია, რომ „დაფინანსების არქონის გამო ხელისუფლებამ ორჯერ გადადო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა 2018 წელს“. აღნიშნულმა სამსახურმა მუშაობა 2019 წლის 1 ნოემბერს დაიწყო.
მოყვანილია შემდეგი სტატისტიკა: 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ომბუდსმენის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. აქედან სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, თუმცა არცერთ მათგანზე არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა.
ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას 20 ივნისის მოვლენებზე, როცა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის გამო 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი, ხოლო 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, დააკავეს ასობით ადამიანი, ხოლო 121 დემონსტრანტს 15 დღემდე პატიმრობა მიესაჯა.
ასევე, მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით ოპოზიციონერ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. ორგანიზაციის თქმით, პროკურატურამ ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა.
გამოძიების ფარგლებში მხოლოდ სამ პოლიციელს წარედგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული დემონსტრანტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. შსს-მ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომისთვის, 2-ის საქმე კი პროკურატურას გადასცა.
შრომითი უფლებები - ცალკე საკითხი, რომელზეც HRW ყურადღებას ამახვილებს
ორგანიზაციას მოჰყავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სტატისტიკა, რომლის მიხედვით:
- 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე საქართველოში სამუშაო ადგილას 36 ადამიანი დაიღუპა
- ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულების დროს 107 ადამიანი დაშავდა.
მთავარი პრეტენზიები:
- საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას;
- კანონით არაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის ყველა პირობების შესრულებაზე;
- არასათანადო რეგულაციები, რის გამოც საწარმოო მიზნებს უპირატესობა ენიჭებათ და მშრომელთა უსაფრთხოება რისკის ქვეშ ექცევა;
- პარლამენტს ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ისეთი საკითხების მეტად საგულდაგულო გადახედვას, როგორებიცაა ზეგანაკვეთური მუშაობა, დასვენება და სხვა.
მედიის თავისუფლება
აღნიშნულ თავში HRW ყურადღებას ამახვილებს "ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს" მიერ რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების საქმეზე. ორგანიზაციის თქმით, ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, რასაც ჟურნალისტთა ნაწილის მხრიდან ტელეკომპანიის დატოვება მოჰყვა.
შემდგომ:
- სექტემბერში გვარამია რუსთავი 2-ის ძველი შემადგენლობის ნაწილთან „მთავარ არხს“ აფუძნებს
- ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა „ტვ პირველის დამფუძნებლის“ მამას, ავთანდილ წერეთელს.
ნარკო პოლიტიკა
მთავარი პრეტენზიები:
- ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის კლების პარალელურად ხელისუფლება ინარჩუნებს მკაცრ ნარკოპოლიტიკას;
- ნარკოტიკული დანაშაულები ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებითა და უფლებების შეზღუდვით ისჯება;
- პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის შეცვლის შესახებ.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა
მთავარი აქცენტები:
- საქართველოში პირველად დაგეგმილი „პრაიდის კვირეული“ და „ღირსების მარში“ საფრთხის წინაშე დადგა. თავდაპირველად, 31 მაისს შსს-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო ღონისძიებები გარეთ ვერ გაიმართებოდა;
- ამ პერიოდში გააქტიურდა საპატრიარქო და ჰომოფობიური ჯგუფები ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეთაურობით. საპატრიარქო ითხოვდა არ ჩატარებულიყო „პრაიდის კვირეული“, ვასაძემ კი დააანონსა ლგბტ წარმომადგენლების წინააღმდეგ „სახალხო რაზმების“ შექმნა;
- ვასაძის განცხადების მიმართ გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა;
- „პრაიდი“ ჩატარდა დაგეგმილი 22 ივნისის ნაცვლად, 8 ივლისს, როცა 40-მდე აქტივისტმა და ლგბტ უფლებათა დამცველმა „ღირსების მარში“ გამართეს შსს-ის შენობის წინ;
- ნოემბერში ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა ლევან აკინის გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებების წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს. დაფიქსირდა ფილმის სანახავად მისულ მოქალაქეთა დაშინებისა და თავდასხმის ფაქტები. დააკავეს 27 პირი.
საერთაშორისო აქტორები
მთავარი პუნქტები:
- მარტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას ხაზი გაუსვეს;
- აპრილში გაეროს სამუშაო ჯგუფმა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, შეშფოთება გამოთქვა შრომის ინსპექტირების მარეგულირებელი ჩარჩოს არაადეკვატურობით;
- მაისში საქართველოში გაეროს ევროკავშირის, აშშ-ისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, მიიღოს ზომები ლგბტ+ წარმომადგენელთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
- ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები თბილისი პრაიდის მონაწილეთა დასაცავად;
- ივნისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნად გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „მდგრადი და პლურალისტური დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების პატივისცემა..., გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტებია;
- ივლისში აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიმართ წაყენებული ბრალის „კონტექსტისა და დროის გარემოების“ გამო. მან ხელისუფლებას გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა;
- ივნისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა დაგმო 20 ივნისს დემონსტრანტთა დაშლა. მან მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ინციდენტი და უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება;
- ნოემბერში აშშ-ის საელჩომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაამახვილეს ყურადღება „ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის იმედგაცრუებაზე“ „საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის გამო“. მათ მხარეებს მოუწოდეს, დიალოგის გზით მისაღები გზა მონახონ;
- მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა შეშფოთება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ბორდერიზაციის თაობაზე და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუშვან უმაღლესი კომისრის ოფისი ამ რეგიონებში;
- იანვარში, საქართველომ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მსჯავრდებულმა პირებმა საპატიმრო სასჯელი შეიძლება, საქართველოშიც მოიხადონ, თუკი ასე გადაწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ამაზე თანხმობას განაცხადებს საქართველოს მთავრობა.