15 იან 2020 16:38 685
ვერმონტის შტატში კანონმდებლები მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შემთვევაში, 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის მობილურის ტარება დასჯადი გახდება. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. შტატის დემოკრატი სენატორის, ჯონ როჯერსის განმარტებით, არასრულწლოვნების მიერ მობილურის გამოყენება რიგ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, კანონის დამტკიცების შემთვევაში კი, ადგილობრივები ამ საფრთხეებს თავიდან აიცილებენ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის მართვის დროს ძალიან ბევრი მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო კონტროლის დეპარტამენტი იუწყება, ავტომობილის მართვის პარალელურად მობილურის გამოყენების დროს ყოველწლიურად 1,6 მილიონი ავარია ხდება. შედეგად კი, მილიონამდე ადამიანი შავდება, ექვს ათასამდე კი, იღუპება.
დოკუმენტი ვერმონტის შტატის იურიდიულ კომიტეტს განსახილველად რამდენიმე დღის წინ გადასცეს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე ახალგაზრდები მობილურ ტელეფონებს ხშირად იყენებენ თანატოლების ბულინგისა და მუქარისთვის. ახალგაზრდების მსგავსი საქციელი კი, ხშირად იწვევს სუიციდის შემთხვევებს.
თუ ვერმონტის შტატში აღნიშნულ კანონს მიიღებენ, მისი დარღვევის შემთხვევაში, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.