22 ივლ 2019 20:40 12215

ექსკლუზივი - ზაზა სარალიძის აღსარება! (ნაწილი მეორე)

 

გაგრძელება, ნაწილი მეორე

 დასაწყისი იხლეთ აქ

 

ზაზა სარალიძე:როცა დათუჩა საავადმყოფოში მივიყვანე, კაციშვილმა არ იცოდა, ვინ ვიყავი.

დადიოდნენ ჟურნალისტები, ეძებდნენ და არ იცოდნენ, ვის ეძებდნენ. ორჯერ მთხოვეს, გვერდზე გაიწიეო, პირველად გავედი გვერდზე, მეორედ უკვე - დამანებეთ, ბიძია, თავი, ჩემი გამჭირვებია-თქო, ვუთხარი.

იმ მომენტში, ისევ მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა დათუჩას ეცოცხლა.

ჩემს გვერდით უამრავი ხალხი ირეოდა, ყველა ლაპარაკობდა, ყველას ხმა მესმოდა, არ ვფიქრობდი, ოღონდ, რა მესმოდა, რას ვიგებდი, არ მინდოდა, იმის მოსმენა, ვინ და როგორ ჩაარტყა ჩემს შვილს დანა, მაშინ მხოლოდ დათუჩაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი!

მერე, როცა დათუჩა აღარ იყო, მერე როცა საავადმყოფოდან წამოვედი, მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელების სახელები ვიცოდი, ვიცოდი, როგორ დაარტყა სამმა ადამიანმა დანა ჩემს შვილს და ორმა დადუნაშვილს.

- დადუნაშვილს ორმა დაარტყა დანა?

- კი

- იცის ოჯახმა?

- არ სჯერა.

- ნახულობთ?

- ბოლოს, მის სამსახურთან მანქანა დავინახე, გავუარე და ვნახე. არ ვლაპარაკობთ ამ თემაზე. თავად ამბობს, ყველაფერი ვიციო და მეც აღარაფერს ვეუბნები. არ ვიცი, რა იცის და რა არა!

ისიც რომ ნახო, მიხვდები, ის აღარ არის, რაც ლევანის სიცოცხლეში იყო, ჩვენ ყველანი ვიცვლებით და ვკვდებით შვილების სიკვდილის მერე. ვერ გაიგებს ამას ყველა, ვერ გაიგებს ყველა, რას გრძნობს დადუნაშვილი, ან სარალიძე და ნურც გააგებინოს უფალმა.

- დათუნას საქმეზე დაჭერილი ორი ადამიანია! ვინ არის მესამე?

- მღვდლის შვილი! და მის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არაა, გააქრეს!

- როგორ?

- არ ვიცი, ვინ იცის? სუბელიანი რომ იმ ჩანაწერში ამბობს, ფული გადავუხადეთო, მართლა გადაუხადეს ის ათი ათასი, მეტიც გადაუხადეს, მაგრამ სუბელიანმა ის თქვა, რაც დაფიქსირებულია.

- რისთვის გადაუხადეს?

- სიჩუმისთვის, რა თქმა უნდა. მე ხომ შევხვდი ერთხელ მღვდელს და მითხრა მაშინ, ჩემს შვილს რომ დანა სჭეროდა ხელში, ახლა საბრალდებო სკამზე იჯდებოდაო და მაშინ, კიდევ დავიჯერე, მაგრამ, მაგის შემდეგ ისეთი რამეები მოხდა... აჩუმებენ, ვიცი და ისიც მთელი ეს დრო, ტერორში იყო, ვიცი.

შეხვედრა მოითხოვა ჩემთან.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ძალოვანი უწყებებიდან დაურეკეს - ან შსსმ, ან პროკურატურამ და არ ვიცი, რა უთხრეს, რა მოთხოვეს, რა გაახსენეს, ფაქტია, იმ ხალხს, ვინც ჩემთან დაკავშირება სთხოვა, შეხვედრა გააუქმებინა!

იმედია, ეგ ფაქტიც იქნება გამოძიებული, ვინ დარეკა მღვდლის შვილთან, რომელი უწყებიდან დაურეკეს.

ჯერ ის ადამიანებიც არ დაუკითხავთ, ვინც შუამავლის როლი იკისრა, ჯერ ისევ ველოდები, სამართლის მოლოდინად აქციეს ჩემი ცხოვრება!

მე ვიცი, რთულია, შვილი, ასე ადგე და ციხეში წაიყვანო, თუნდაც დამნაშავე იყოს, მაგრამ - როცა იცი, რომ არსებობს რეალური საფრთხე, სხვა ბავშვებმა იტვირთონ სამართლის ასრულება, ბავშვებმა, რომლებმაც იციან სიმართლე და მთელმა ქვეყანამ იცის უკვე ჩემი შვილის მკვლელების სახელები, მაშინ მაინც უნდა დაფიქრდე და სწორი გადაწყვეტილება მიიღო!

- პატრიარქთან თუ საუბრობთ ამ თემაზე?

- არა, არასოდეს. ერთხელ, ისიც თავისით, როცა სასოწარკვეთილი ვიყავი, ორი სიტყვა მითხრა, ბრძოლა გააგრძელეო. ისე, ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ.

- არ გიჩნდებათ განცდა, რომ საპატრიარქოც აფარებს ხელს ამ მღვდელს?

- არა და ამაზე არც ფიქრი მინდა, არც საუბარი.

- ბავშვებმა, ვინც სიმართლე იციან?

- პირველ დღეს ყველამ სიმართლე დაწერა, ყველამ... მაგიტომ გააჩერეს დაკითხვები 16 რიცხვამდე, დახიეს დაკითხვის ყველა ოქმი და თავიდან დააწერინეს!მთელი შსს, პროკურატურა და ყველა ჩართული იყო ამ საქმეში.

- ასეთი ძალა აქვს სუბელიანს მართლა?

- ჰქონია! ახლა კი ცდილობენ სუბელიანი გამოიყვანონ შეურაცხადი, იმ საუბრის ჩანაწერის გამო, რომელიც გამოქვეყნდა, მაგრამ უმეტესობა სულ მართალი ილაპარაკა.

- ამბობენ, რომ შეთანხმებული იყო, სანამ კალანდია სკოლას არ დაამთავრებდა, ის იჯდებოდა ციხეში და თუ მანამდე, საქმეს სხვაგვარად ვერ მოაგვარებდნენ - მერე დაიჭერდნენ კალანდიას.

- ფაქტია, ზუსტად ეგრე მოხდა და... კალანდია ახლა რომ არ დაეჭირათ, აღარ ჰქონდათ სხვა გზა.

- რატომ?

- ახლა ვერ გეტყვი დასაწერად, მაგრამ - არ ჰქონდათ სხვა გზა. როცა პროკურატურამ და შსს- მითხრა, რომ დაიჭერდნენ კალანდიას - მაინც ეჭვი მეპარებოდა და ნამდვილად არ მეგონა, რომ მეორე დღესვე დაიჭერდნენ!

- გაქცევას აპირებდაო...

- არსად გაქცევას არ აპირებდა, ეგ ნამდვილად ტყუილია. დაიჭირეს იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი, სხვა რომ არაფერი, პირველი ინსტანციის სასამართლომ უთხრა, წადი, ბიძია, გარეთ მოძებნე მკვლელი, რა გინდაო! მეორე ინსტანციის სასამართლომ ისევ უთხრა, კიდევ არის მკვლელი და უნდა მოძებნოო. სამხილების მიხედვით, სხვას ვერავის დაადებდნენ ხელს და დაიჭერდნენ და არ ჰქონდათ სხვა გზა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომდე გაჭიმეს მაქსიმალურად...

- შესაძლოა, ეშინოდათ, არჩევნებზე სანდრასთვის არ დაგეჭირათ მხარი და ზუსტად მაგიტომ გახსნეს არჩევნების წინ საქმე?

- არა, ზუსტად იცოდნენ, მილიონჯერ მაქვს ორივე მხარისთვის ნათქვამი, მე ჩემთან მოსულ, ჩემს გვერდით მდგომ კაცს ვუყურებ, როგორც ადამიანს ისე და არა ისე, როგორც პოლიტიკოსს. ფეხებზე მკიდია პოლიტიკა, რაში მაინტერესებს პოლიტიკა? მართალია, ყველა საქმეს, ყველა შემთხვევას იყენებენ, გინდ ხელისუფლება, გინდ ოპოზიცია, და უბრალო კაცი რომ მთავრობას ეჯახები, ახლა ეს პოლიტიკაა - აბა რაა, მაგრამ - ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ სამართალი და პოლიტიკა არასოდეს მაინტერესებდა. სააპელაციო სასამართლოს რატომ დაელოდნენ იცი? ზუსტად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეტანა ეს განაჩენი - ასე იყო საჭირო, ასე მურუსიძის სასამართლო გააპრავეს.

ამას მერე რა მოჰყვა, იცით? მოვიხედე და კალანდიას დაჭერა ყველას ეწყინა - კალანდიას დაჭერა კი არ ეწყინათ სინამდვილეში, ის იფიქრეს, სარალიძემ სამართალს მიაღწია და ფეხებზე დაგვიკიდებსო და - სამართალს სად მივაღწიე, ახლა ვიწყებ სამართლისთვის კიდევ ბრძოლას. ველოდები რა იქნება ამ პროცესებიდან, ველოდები, როგორ და რა გზით გავლენ მესამე მკვლელზე.

- სუბელიანის შვილს თუ ჰქონდა დანა?

- კი, ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია. ის ბავშვი ცოცხალ-მკვდარია, ეგ ადამიანი აღარ არსებობს და ეგ მამამისის ბრალია, თავის დროზე რომ კაცურად მოქცეულიყო მამამისი და საქმე აქეთკენ და ასე არ წაეყვანა!

მე ყველას ვაპატიე! დათუჩას ვფიცავარ, ყველას ვაპატიე და ჩემი პატიება რა არის იცით? არ დავიწყე პირადი შურისძიება, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია პასუხი აგოს.

მათ შორის, ექსპერტებმაც - მოვითხოვე ექსპერტების შავი ჩანაწერები, რის საფუძველზე მიიღეს ის დასკვნა რაც მიიღეს და აღარ არსებობს შავი ჩანაწერი, გამქრალია.

დანა დავაზიანეთო, მკერდის ძვალი გაანგრია ამ დანამ და ქსოვილის დაჭრისას დაზიანდა?

არაფერი, საერთოდ არაფერი წერია ამათ დასკვნაში.

ნიკოლეიშვილის დასკვნა გააბათილეს ტექნიკურად - ნიკოლეიშვილის დასკვნაში ეწერა მაკრატლის მსგავსი საგანია გამოყენებულიო და ატეხეს ყვირილი, აი, მაკრატელი ეწერაო. არ ეწერა იქ მაკრატელი, იქ ეწერა, მაკრატლის მსგავსი საგანი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ორპირიანი, ხელნაკეთი იარაღი, მინახავს მსგავსი კიდეც - შუში გაყოფილი პირით.ტარზეც იყო გამახვილებული ყურადღება, იმ ტარზე, რომელიც კალანდიას ჰქონდა და გააქრეს. ეს ტარი შესაძლებელია გადაკეთებული ყოფილიყო იარაღად და პირები ჰქონოდა.

ასევე საუბარი იყო ხანჯლის მსგავს იარაღზე, სამკუთხედი პირით, რომელიც წვრილდება.

-         მაგალითად, რამე ანტიკვარული ხანჯალი?

-         შესაძლებელია, კი. კალანდიას მანამდე 6 ადამიანი ჰყავს დაჭრილი, არსად არის

დაფიქსირებული, გააქრო ბიძამისმა და მამამისმა ყველა კვალი. ყველამ იცის სიმართლე. ქალაქმა იცის სიმართლე.

ბევრი რამე დამალა სკოლამაც და ბევრს დააფარა ხელი. გამოაჩინონ საბუთები, ვიდრე დროა. გამოაჩინონ ის გამქრალი ოქმები, 3-4 ოქმის, რომლის მიხედვითაც, სუბელიანის გადაყვანას ითხოვენ მშობლები! ბევრი სხვა რამეც დააშავა სკოლამ და აუცილებლად, შემდეგი სკოლა იქნება!

-         უნდა გკითხო, სად მუშაობდი ბოლოს?

-         დისტრიბუტორად.

-         პოლიციაში მუშაობდაო, კიდევ ბევრ რამეს ამბობდნენ.

-         კი, დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი 15 და მეტი წლის წინ. წითელ დიპლომზე დავამთავრე ქუთაისის გეპეი, რეზერვის ოფიცერი ვიყავი და დავმალე ეგ საბუთი, რიგითად რომ მივეღე სამსახურში და არ ვჩიოდი, ვიცოდი, რომ ოფიცრად მაინც არ მიმიღებდნენ, ქუთაისის გეპეის რექტორის - ხვადაგიანის რეკომენდაციაც იდო ჩემს საბუთებში. მაინც მაწვალეს, ძლივს ამიყვანეს სამსახურში - მერე დათუჩას ბრონქების პრობლემა ჰქონდა - არ შეიძლებოდა მისთვის ქუთაისში ცხოვრება, გადმოვედით თბილისში და მალევე დაცვის პოლიციიდანაც წამოვედი. ლექციებსაც ვკითხულობდი, ცოტა ხანი! იმიტომ მეკითხები, რომ ამბობდნენ ჩემზე - ნაციაო? გადავყავდი მაგას ჭკუიდან. რა შეხება მქონდა როდესმე პოლიტიკასთან?

ივანიშვილმაც რომ თქვანაცებისზონდერიო - ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ახლა შეიცვალა სიტუაცია, ახლა, ორივესთვის მიუღებელი ადამიანი ვარ. ახლა ორივეს ნალანძღი ვყავარ უკვე.“

 

და მერე უცებ, მოულოდნელად მომიბრუნდა:

-         დილით, სანამ შენი შვილი სახლიდან გადის, მშობლის ლოცვას კითხულობ?

-         ყოველ დილით ვერა, ხან ვასწრებ, ხან - ვერა. მაგრამ, ყოველ დილით ვეუბნები, რომ მიყვარს.

-         ილოცე, გადადე რასაც არ უნდა აკეთებდე და ილოცე!

დამიჯერე, დიდი ძალა აქვს მშობლის ლოცვას. შემისრულე ეს ერთი თხოვნა, ყოველ დილით, სანამ შენი შვილი სახლიდან გავა - ილოცე!“

პირველი ნაწილის მერე - ზღვა ინფორმაციის ნაკადი შემოდის რედაქციაში, ყველას ვეცნობით და ვაზუსტებთ. ბევრს დავჭედავთ კიდეც.

არავის თხოვნას არ გავითვალისწინებ ამ საკითხთან დაკავშირებით, არავინ და არაფერი დგას მოკლულ ბიჭზე წინ!

პირველი ნაწილის დაბეჭდვის მერე - 51- სკოლის მასწავლებელი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ რამდენიმე მასწავლებელი, რაც იცის, ხშირად დადიან დათუნას სასაფლაოზე. ვისუაბრეთ, მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მან თავისი. ორი პედაგოგის სახელით დამპირდა, რომ ინტერვიუს მომცემენ, მოყვებიან, როგორი იყო, რაზე იღიმოდა, რა უყვარდა, როგორ გამოხატავდა სითბოს და სიყვარულს.  დამპირდნენ და ველოდები.

.. შემდეგ, მესამე ნაწილში მოვყვები, ვინ ამოიცნო სარალიძემ 20 ივნისის აქციის ერთ-ერთ სპეცრაზმელში, რას ფიქრობს გახარიას გადადგომაზე, ხელისუფლებაზე.

შემდეგ, ერთ-ერთ ნაწილში იმაზეც გიამბობთ, ვინ აჩუქა სარალიძეს ტელეფონი, რომელსაც უსმენდნენ, უსმენდნენ, არა ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლება ისედაც უსმენდა და ასედაც - ვიღაც სხვა უსმენდა კიდევ და გაიგებთ, ვინ გააფრთხილა! ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა გააფრთხილა. იგივე ნაწილში მოვყვები, რატომ არ დადის აქციებზე, რას ფიქრობს მაჩალიკაშვილზე. რა თქმა უნდა, არც კუპრავა და ოპოზიცის სხვა წევრები დაგვვიწყებია... მოკლედ, გაგრძელება შემდეგ ნომერში.

 

„ალია“ # 26, თამო კეშელავა