22 აგვ 2019 17:53 30076

სკანდალური ინტერვიუ 51-ე სკოლის დირექტორთან, რის შემდეგაც მას თანამდებობა დაატოვებინეს!

 

 

ეს ინტერვიუ „ალიას“ წინა ნომერში დაიბეჭდა და როგორც გვითხრეს, 51-ე სკოლის დირექტორი, გაზეთის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გაანთავისუფლეს. ამ ამბის გადამოწმებას რამდენიმე დღე უშედეგოდ ვცდილობდით, ბოლოს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თურქაძემ  თანამდებობა დატოვა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. გთავაზობთ ამ სკანდალურ ინტერვიუს.

 

 

მას შემდეგ რაც „ალიაში“ ზაზა სარალიძის ინტერვიუს ის ნაწილი დაიბეჭდა, სადაც ზაზამ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა მოითხოვა, მე ამ ქალბატონთან, მანანა თურქაძესთან დაკავშირებას ვცდილობდი.

არ მოვყვები, რა გზა გავიარე და რამდენი მესიჯი მივწერე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი მივწერე და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ, მე არ მეცალა სასაუბროდ. როგორც იქნა, ჩვენი საუბარი შედგა.

მანამდე, ზაზა სარალიძის სიტყვებს გავიმეორებ:

„- სკოლის ადმინისტრაციამ დამალა ის დოკუმენტები, რომლებშიც მშობლები სუბელიანის შვილის გადაყვანას ითხოვდნენ სკოლიდან. მაშინ, როცა ჩემს შვილს ლანძღავდნენ, ბულინგში ადანაშაულებდნენ, სკოლა - ჩუმად იყო. სკოლა ჩუმად იყო მაშინაც - როცა ბავშვებმა პირველი ჩვენებები დახიეს, როცა საქმე გაყალბდა. მეტიც, ბავშვებიც ყველანი ჩუმად არიან, სიმართლე ის არის, რომ გაწირეს ჩემი მოკლული შვილი და ცოცხლად დარჩენილი მკვლელები არჩიეს, გაწირეს ჩემი სოფლელი, ჩემი უბრალო ბიჭი და მდიდარი ქალაქელების მკვლელი შვილები არჩიეს... მე დავაცადე სკოლის დირექტორს, ჩემი შვილის კლასის გამოსაშვები წელიც ჩაეტარებინა, დავაცადე, მიეყვანა ეს ბავშვები ბოლომდე, გაესტუმრებინა - ახლა მიზეზი აღარ მაქვს დაცდის. საპარლამენტო კომისიამ ხომ დაინახა სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა? მანდატურების პასუხისმგებლობა? მაშინ, როცა ჩემი შვილის მკვლელების დასაჭერად ვიბრძვი ამდენი თვეა უკვე, მაშინ როცა სიმართლის დასადგენად ვიბრძვი, მე არ უნდა მჭირდებოდეს, სკოლის დირექტორის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება. აგერ არის განათლების სამინისტრო, აგერ არის - შსს და პროკურატურა და თავად უნდა მოახერხონ. თუმცა, თუ მაინც მე უნდა მომიწიოს ამ საკითხზე ბრძოლა - არც ამაზე დავიხევ უკან!“

 

 

მაშ, ასე, მანანა თურქაძე, 51- საჯარო სკოლის დირექტორი და კითხვები, რომელიც, როგორც ამბობს, აქამდე მისთვის არავის დაუსვამს, თორემ...

- ქალბატონო მანანა, დადუნაშვილის და სარალიძის სახელობის სტიპენდია დააწესეთ და სტიპენდიანტები ვინ გახდნენ მაინტერესებს?

- არ დაგვიწესებია ჯერ, ჩემო ქალბატონო, მხოლოდ იდეა გავაჟღერეთ.

- გადაიფიქრეთ?

- არა, არ გადაგვიფიქრებია, უბრალოდ, ჯერ არ დაგვიწყია ამ კუთხით მუშაობა.

- ამაზე მნიშვნელოვანს რას აკეთებდით?

- სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ეს ჩემი იდეა იყო.

- მით უფრო, ამდენი თვის მანძილზე, რატომ არ განახორციელეთ იდეა?

- ხომ აგიხსენით უკვე? - ჯერ ვერ მოვახერხეთ - შემდეგი კითხვა, თუ გაქვთ, შემდეგი კითხვა დასვით.

- არ გრძნობთ პასუხისმგებლობას?

- იმ საკითხზე მეკითხებით კიდევ?

- კიდევ? აქამდე როდის გკითხეთ? როდის მომეცა შესაძლებლობა?

- მე ვინც მთხოვა ინტერვიუ ტელევიზიებიდან, ყველას მივეცი მაშინ ინტერვიუ.

- კი, მართლაც ჩაწერეთ პატარა ინტერვიუ და იმდენად ბუნდოვანი იყო მაშინ თქვენი პასუხები, მეტი ეჭვი შეიტანეთ საზოგადოებაში. ერთხელ მე დავრეკე თქვენთან, ერთხელ, ერთ-ერთი ჩემი წერილის შემდეგ თქვენმა მოადგილემ დარეკა რედაქციაში, გვითხრა, რომ საუბარი უნდა, მერე გვითხრა რომ მოიფიქრებს და დაგვირეკავს და აღარ დაურეკავს.

- არ ვიცი. როდის მოხდა, მართლა არ ვიცი ეგ ფაქტი.

- როდის და როცა იმაზე დავწერე, რას მოჰყვა სარალიძის მკვლელობა.

-  გაზეთებს არ ვკითხულობ.

- გრძნობთ პასუხისმგებლობას მომხდარზე?

- იცით, ჩემო ქალბატონო თამო, მე გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და ასეთ კითხვებზე ვერ ვუპასუხებ, ჟურნალისტმა ეს უნდა იცოდეს... , იცინით?

- ქალბატონო მანანა, გაუთქმელობაზე ხელის მოწერა გაკავებთ მითხრათ, გრძნობთ თუ არა მომხდარზე პასუხისმგებლობას?

- დიახ. შემდეგი კითხვა.

- არა, ერთი წამით, თქვენ ახლა მიხსნით, რომ იმიტომ ვერ მიპასუხებთ გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ გაუთქმელობაზე მოაწერეთ ხელი?

- დიახ.

- მსგავსი ჩანაწერი ვერ იქნებოდა, წარმოუდგენელ რამეს მეუბნებით, რა შუაშია გამოძიებასთან, თქვენი, როგორც დირექტორის პასუხისმგებლობა?

- მე სხვა რამე გიპასუხეთ.

- რას ნიშნავს? რატომ მიპასუხეთ სხვა რამე, როცა მე გარკვევით, უკვე მერამდენედ ვსვამ კითხვას, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას?

-  ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი არ იდგა, მე არ ვიყავი იმ დღეს სკოლაში, ჩემს ყოფილ მოადგილეს, თინა ყენიას ხომ ესაუბრეთ?

- არა.

- როგორ არა, ვიცი, გაიცანით და ესაუბრეთ.

- კი, გავიცანი, მაგრამ ამ თემაზე არ გვისაუბრია, მასთან პასუხისმგებლობაზე კითხვა არ მქონდა, მაგრამ, ახლა ამით რისი თქმა გინდათ, რომ თინა ყენიას პასუხისმგებლობაა იმ დღევანელი ტრაგედია?

- არა, მაგას არ ვამბობ.

- აბა, კითხვაზე: - გრძნობთ, თუ არა პასუხისმგებლობას, მპასუხობთ, თინა ყენიას ხომ ესაუბრეთო? საერთოდ, რატომ ახსენებთ ამ კონტექსტში ყენიას?

- უბრალოდ, ვიცი, ჩემო ქალბატონო, რომ ესაუბრეთ და ამიტომ გითხარით, თორემ, მეტი არაფერი. შემდეგი კითხვა დამისვით, თუ გაქვთ შემდეგი კითხვა...

(ამაზე, ჩათვალა, რომ მიპასუხა!)

- როგორცალიასთვისგახდა ცნობილი, თქვენ სექტემბრიდან დირექტორის პოსტის დატოვებას აპირებთ!

- მე ამჯერად ვარ, 51- სკოლის დირექტორი და თუ თანამდებობას დავტოვებ, გაიგებთ.

- აპირებთ დატოვებას სკოლის, თუ არა?

- უკვე გიპასუხეთ, შემდეგი კითხვა დამისვით.

- პირველი სკოლის დირექტორი გადადგა.

- სხვაგან გადავიდა, ხო.

- და თქვენ რამდენ ადგილას მუშაობთ?

- მასწავლებელთა სახლის ტრენერი ვარ, ტრენერ-კონსულტატი, დირექტორებს ვუტარებ ტრენინგს, ასევე, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ვარ და რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორი.

- როგორ ასწრებთ?

- ორი მოადგილე მყავს.

- როგორც გავიგე, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პიარის სპეციალისტი აიყვანეთ.

- არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ჩემო ქალბატონო თამო, ღონისძიებების მართვის მენეჯერი ავიყვანეთ, რომელიც ჩვენთან, დირექციასთან და დამრიგებლებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს.

- თქვენ, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დირექტორებს უტარებთ ტრენინგს და მაინტერესებს რას ასწავლით, რომ არაფერი გააპროტესტონ და პასუხისმგებლობა არ იგრძნონ?

- რა უნდა გააპროტესტონ?

- მაგალითად ის, რომ არ გააპროტესტონ, როცა მათ მოსწავლეს ბულინგში ადანაშაულებენ, მათ შორის, ცნობილი პოლიტიკოსები.

- ვინ ადანაშაულებს, არ მომისმენია.

- ტელევიზორსაც არ უყურებთ?

- ნამდვილად არ მომისმენია რომელიმე პოლიტიკოსს მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს და აუცილებლად მეცოდინებოდა და ვიღაც სადღაც რაღაცას ამბობს და წერს, მათთვის პასუხის გაცემა არ არის სკოლის პრეროგატივა. მე გავაკეთე განცხადება.

- თქვენ არ გისაუბრიათ, რომ სარალიძე არავის აბულინგებდა, არ გისაუბრიათ მის ყოფაქცევაზე.

- არავის დაუსვამს ეგ კითხვა, არც ერთ ჟურნალისტს, როგორ უნდა მეპასუხა, თუ არ მკითხავდნენ?

- ახლა გეკითხებით. ჰქონდა დისციპლინური პრობლემები დათუნა სარალიძეს?

- არა, ნამდვილად არ ჰქონია და ახლა გეტყვით, ტყუილია, რომ დათუნა სარალიძეს ვინმეს დაბულინგება შეეძლო.

- მითხრეს, რომ გაკვეთილიც არ ჩაუშლია არასოდეს!

- გაკვეთილი შეიძლება სიცილის გამოც ჩაიშალოს.

- და არ ჩაუშლია! ასე არ არის?

- კი არ ჩაუშლია და მე ყველა დისციპლინური ოქმი გავატანე შესაბამის ორგანოებს.

- აი, კიდევ იგივეს აკეთებთ, ზუსტად ახლაც იგივეს აკეთებთ, ამბობთ ერთს და აყოლებთ მერე საეჭვო ფრაზას ოქმებზე. რა ოქმებზე საუბრობთ?

- მე არ მაქვს ოქმებზე საუბრის უფლება, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი.

- მაშინ რატომ დაიწყეთ?

- თქვენ ჟურნალისტი ხართ და უნდა გესმოდეთ, რომ მე არ მაქვს არასრუწლოვანი ბავშვების ოქმებზე საუბრის უფლება, არც ერთ ჟურნალისტს არ დაუსვამს მსგავსი კითხვა.

- მე გკითხეთ? არც მე მიკითხავს, თავად ახსენეთ, თან ძალიან ცუდ დროს და რატომ, მაინტერესებს?

- ვერ ვხვდები რას მეკითხებით.

- გეკითხებით, როცა ვსაუბრობდით დათუნა სარალიძის ყოფაქცევაზე, ასე მოულოდნელად რატომ ახსენეთ ოქმები, გინდათ რამე მიგვანიშნოთ?

- არა, გეტყვით, კარგით. ზაზა სარალიძეს ეწერა, თურმე...

-  ხო, თქვენ ხომ გაზეთებს არ კითხულობთ...

- ვერ მოვიცალე, წავიკითხავ მერე, ზაზა სარალიძე წერდა, რომ ოქმები გადავმალეთ სუბელიანის და მაგიტომ ვახსენე ახლა ოქმები, სკოლამ სრულად ითანამშრომლა და გაატანა ოქმები შესაბამის ორგანოებს. ფიზიკურად ვერ დამალავდა სკოლა. ამ ოქმებს მანდატური წერს და მერე იგზავნება დირექციაში.

-  არა, ზაზა სარალიძე ახსენებდა ოქმებს, მაგრამ ახსენებდა მშობლების მიერ სუბელიანის კლასიდან და სკოლიდან გადასაყვან ოქმებს, რომლებიც მშობლებმა დაწერეს და სავარაუდოდ, ეს არ იქნებოდა ოქმი, ეს იქნებოდა კოლექტიური განცხადება, რომელსაც არ დაჭირდებოდა მანდატურის სამსახური.

- არ ყოფილა ასეთი განცხადება.

- როგორც წავიკითხე, სუბელიანს გაფრთხილება ჰქონდა...

-  ვერ წაიკითხავდით, ამის წაკითხვა არ შეიძლება... არასრუწლოვანთა ოქმებზე საუბრობთ.

- დამასრულებინეთ, საპარლამენტო კომისიის დასკვნაში წავიკითხე. არც ის გაქვთ წაკითხული?

- რა საჭიროა ასეთი საუბარი, რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს.

- ხოდა, იქ წერია, რომ სუბელიანზე ოქმებია შედგენილი კლასელების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ნიშნავს თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა ცემას?

- კი, ნიშნავს, მაგრამ მშობლებს მართლა არ მოუთხოვიათ, ამ ბავშვის გადაყვანა. საერთოდაც, რა უფლება აქვს სკოლას, ვინმე გააგდოს, ხელი უნდა შეუწყოს და დაეხმაროს პირიქით. ჩვენ არავისი გაგდების უფლება არა გვაქვს, თორემ, სკოლაში, რომელიც გათვლილია 1600 მოსწავლეზე, სწავლობს 2500 - მოსწავლე და არ იცით, როგორი ძალისხმევა სჭირდება ამხელა კონტინგენტის სრულფასოვნად მიხედვას.

-  სკოლა რომ 1600 ბავშვზეა გათვლილი და 2500 მოსწვალე სწავლობს, ბავშთა უფლებები არ ირღვევა?

- არა, ნამდვილად არ ირღვევა. ყველას შეუძლია იმ პირობების მიღება რაც ეკუთვნით, ის კომფორტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ... და ბავშვების უფლებების დარღვევაზე რომ საუბრობთ, არასრულწლოვანთა ოქმებზე საუბრისას არ ირღვევა მათი უფლებები?

-  მე არ მიხსენებია ოქმები.

-  სხვათა შორის, ერთხელ დათუნა სარალიძის ბებიამ, „ნანუკას შოუ“-ში ისაუბრა...

-  მე არ ვუყურებნანუკას შოუ“-...

-  რა თქმა უნდა, არც მე ვუყურებ, მითხრეს და მერე ვნახე და იქ ისაუბრა ბებიამ, რომ ჩვენ, სკოლამ ოქმები გადავმალეთ. მე ეს ქალბატონი, დათუნას გარდაცვალებამდე არ მყავს სკოლაში ნანახი. მერე გავიცანი. ერთხელაც სასაფლაოზე ვნახეთ, მოგვეფერა და მერე ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა, რატომ თქვით ოქმებზეო და უპასუხა: - რაც მითხრეს, ის ვთქვი. გესმით? - ამიტომ ვახსენე ოქმები.

- თქვენს პასუხისმგებლობაზე იმსჯელა სამეურვეო საბჭომ?

- დიახ, რამდენჯერმე მივმართე თხოვნით და არ გამათავისუფლა.

- რამდენი წევრისგან შედგება?

- 13 - 6 მასწავლებელი, 6 მშობელი და ერთი მოსწავლე.

- მიზეზი უარის თქმის?

- ამ ბავშვებმა და პედაგოგებმა ბევრი გამოიარეს, ბევრს ფსიქოლოგი დასჭირდა, დღემდე სჭირდება ბევრს ისევ - ეტყობა, ვჭირდებოდი სკოლას.

- და თინა ყენიამ რამდენჯერ მოგმართათ გათავისუფლების თხოვნით?

-  ერთხელ.

- და პირველივე მოთხოვნა დაუკმაყოფილეთ?

- სამწუხაროდ, მისი საკითხის გარჩევა არ იყო სამეურვეო საბჭოს კომპეტენცია.

- და მაინც არ გრძნობთ პასუხისმგებლობას, ხო?

- ამაზე ხომ ვისაუბრეთ?

- მაგალითად პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი სკოლის მოკლული მოსწავლეების გამოძიების საქმე გაყალბდა.

- როდის გაყალბდა, არ ვიცი, რას გულისხმობთ.

- ხუმრობთ? არ იცით, რომ საქმე გაყალბდა?

- ეს გამოძიების კომპეტენეცია. გამოძიება ხომ ისევ მიმდინარეობს? არა?

- მე საქმის გაყალბებაზე გესაუბრებით, იმ ხმაურიან გაყალბებაზე, გახარიამ რომ ტელევიზიით მოგვატყუა, მერე ამის გამო, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი გადადგა, პრემიერმა კი საქმეზე პირადი პასუხისმგებლობა აიღო.

- სკოლას თავისი წესები აქვს და მოსწავლეების ასეთ საქმეში გარევა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

- არ ვსაუბრობ მოსწავლეებზე, პედაგოგებზე ვსაუბრობ, თქვენზე ვსაუბრობ. ჩემი შვილი რომ თქვენი მოსწავლე ყოფილიყო, ერთ დღესაც არ გავაჩერებდი იმ სკოლაში, რომლის დირექტორიც პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და რომელი სკოლაც, არ იღებს ხმას, დაღუპული მოსწავლეების საქმის გაყალბებაზე.

- თქვენი ნებაა, საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული, მე ამის მჯერა. გამოძიება ამჯერადაც მიმდინარეობს.

- მაშინაც კი, თუ საქმე გამოძიებული იქნება, ეს არ იქნება სკოლის დამსახურება. ეს იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც ამაზე წერდნენ, საუბრობდნენ და ქუჩაში იდგნენ.

- ყველას თავისი საკეთებელი აქვს. თქვენ წერა გევალებათ, მე სკოლის მიხედვა და პატრონობა... და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და სიმართლე ნაპოვნი.

- საქმე მხოლოდ ჟურნალისტებში არაა, ბევრი სხვა სკოლის პედაგოგი აპროტესტებდა, მაშინ, როცა თქვენ ჩუმად იყავით. ამას ასწავლით მოსწავლეებს და ტრენინგზე სხვა დირექტორებს? სიჩუმეს და თავის ჩახრას?

- ჩვენ ყველას გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, როცა საშუალება მომეცემა, აუცილებლად მოგიყვებით უფრო დაწვრილებით, თუ კეთილად იქნებით განწყობილი...

- კეთილად ვერ ვიქნები იმ ადამიანის მიმართ განწყობილი, ვინც მოკლული მოსწავლეების გამო პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ვინც მეუბნება, რომ არ უნახავს როგორ ადანაშაულებდნენ სარალიძეს ბულინგში, არ გაუგია როდის გაყალბდა საქმე...

- თუ კეთილად განწყობილი არ ბრძანდებით, რა აზრი აქვს საუბარს?

- მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ რესპონდენტი, სულ არ არის აუცილებელი მომწონდეთ ან მიყვარდეთ, ზუსტად ისე დავწერ, როგორც მეტყვით.

- თქვენ არ იცით, მიუხედავად იმისა, რა გამოვიარეთ, 50 მედალოსანი გვყავდა წელს, ერთმა მასწავლებელმა პროფესიული კუთხით მნიშვნელოვნად წაიწია წინ, ეს ჩვენი შრომის ნაყოფია, არ იცით რა გამოვიარეთ, რომ ამისთვის მიგვეღწია. ყველანი ვიყავით ფერხულში ჩაბმულნი.

- ყველანი აღარ...

- კი, ყველანი ვიყავით...

- სარალიძე და დადუნაშვილი არ იყვნენ, ვერ იყვნენ ამ ფერხულში ჩაბმული.

- ორივე მათგანს პირადად ვიცნობდი. ორივე ისეთი პოზიტიური და კარგი ბავშვი იყო. სარალიძეს პრობლემა, მხოლოდ ბუფეტში ჩასვლა იყო, ამდენი წლის მანძილზე, მისი სხვა პრობლემა მე არ მახსოვს. როცა მხვდებოდა ისე მიღიმოდა. ახლა ცოცხალი რომ იყოს, მოგიყვებოდათ, როგორ ვუყვარდი და როგორ მიყვარდა. თქვენ არ იცით, როგორ განვიცდით ამ ტრაგედიას. ვწუხვარ, რომ არ შეუძლია სარალიძეს იმის მოყოლა, როგორ მიყვარდა და როგორ ვუყვარდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ საქმეს გამოიძიებენ და სიმართლე იზეიმებს.

 

 

 

დაახლოებით ეს იყო ჩვენი საუბარი.

მკითხეს მერე მეგობრებმა: როგორ ვფიქრობ, გრძნობს სკოლის დირექტორი პასუხისმგებლობას?ვუპასუხე: არა, გრამს არა.მეტი ვერაფერი მოვყევი, დაღლილი ვიყავი. მსგავსი ამაზრზენი ინტერვიუ არასოდეს ჩამიწერია.

ყველას რომ თავი მოუქონა, საკუთარი თავის ჩათვლით, სარალიძის გარდა, ბებიამისსაც რომ მისწვდა და ჰგონია, რაღაც მითხრა... ცოცხალი რომ იყოს დათუნა, მოყვებოდა თუ არა, როგორ უყვარს მანანა თურქაძეს და უყვარდა თუ არა მანანა თურქაძე? არ ვიცი, არა მგონია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ამაზე საუბარიც კი ამაზრზენია, იმით რომ იმართლებ თავს, რომ მკვდარია დათუნა სარალიძე, თორემ, ის მაინც იტყოდა რა კარგი ქალია, როგორ უყვართ მოსწავლეებს.და ნეტავი დათუნა სარალიძე ცოცხალი იყოს და რაში დამაინტერესებდა მანანა თურქაძე? ცოცხალი რომ არ არის, საქმე რომ ცხვირწინ გაუყალბეს, მთელი ქვეყნის დასანახად და არც გაუპროტესტებია, დაჩეხილი ბავშვის ბულინგზე რომ საუბრობდნენ და პასუხი არ გაუცია, კითხვა არ დაუსვამთო, კითხვას რომ ელოდა, შსს- ერთი თხოვნითაც რომ არ მიმართა, საქმის გამოძიება არ გაყალბებულიყო, ჩხუბს ვინ ამბობს, თხოვნითაც რომ არ მიმართა და დღემდე სამ სკამზე ზის მოხერხებულად - ეს არის ამაზრზენი.

დირექტორების ტრენერი დირექტორი, იმას რომ ვერ ხვდება, საკუთარი მოსწავლის მკვლელობის საქმის გაყალბება პირველ რიგში მას უნდა გაეპროტესტებინა - ეს არის ამაზრზენი. განათლების სამინისტრო, იმედია, შენ მაინც კითხულობ გაზეთს და ამ ინტერვიუს მერე თუ ეს ქალბატონი იმ ადგილას უნდა დარჩეს, იმ სამივე ადგილას - მაშინ, დაკეტილა თქვენი სამინისტროც და ეგაა.

 

„ალია“, თამო კეშელავა, 12 აგვისტო