05 იან 2020 23:02 1057
რამდენიმე დღის წინ "ალიამ" გაავრცელა პოეტ ნათელა შაინიძის პოსტი, სადაც ის წერდა, როგორ სურდა ნაძვის ხის გამოცვლა, ახალის ყიდვა, პენსიაც გადადო საამისოდ, ბოლო კი ამ ფულით პატარა გოგონა გაახარეს მან და მისმა შვილმა საჩუქრით და ისევ ძველი ნაძვის ხე ააწყვეს.
ამ წერილს, კიდევ ერთი რეალური საახალწლო ისტორიით გამოეხმაურა მადონა გობეჯიშვილი:
"მეც მქონდა შემთხვევა, მაღაზიაში შევედით, ჩემი ბიჭი წინასწარ გავაფრთხილე რომ მხოლოდ პროდუქტის საყიდლად შევდიოდით. მასაც არ გაუპროტესტებია. სუპერმარკეტში სათამაშოებთან მიმიყვანა და სანამ რამეს მეტყოდა დავიწყე: შვილო მე ხომ გითხარი.... შენ ხომ დამპირდი... ეხლა სათამაშოების ფული არ გვაქვს.... და ა.შ.
-არა დედიი, ეხლა არ გეუბნები, ფული რომ გექნება ხომ მიყიდიო?..
გული მომიკვდა.
გამოსვლისას სალაროსთან ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ისეთივე სათამაშო იყიდა, რაც ჩემს ბიჭს უნდოდა. მერე მოგვიბრუნდა და გვითხრა
- ეს შენ პატარავ.
მისი სახე არ მავიწყდება, თითქოს ენა ჩამივარდა, დავმუნჯდი, მადლობაც კი ვერ მოვუხადე წესიერად.
აი ჩემი შვილი კი უბედნიერესი იყო😍😍😍😍