06 იან 2020 10:54 1703

სულეიმანის შვილი: „შეშლილო ტრამპო, არ გეგონოს, რომ მამაჩემის მოკვლით ყველაფერი დასრულდა“

 

 

აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული კასემ სულეიმანის შვილმა, ზეინაბმა, თეირანში, მამამისის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონში სულ ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ მოვლენები, მომხდარის შემდეგ პოზიტიურად განვითარდება.

„შეშლილო ტრამპო, არ გეგონოს, რომ მამაჩემის მოკვლით ყველაფერი დასრულდა“, – განაცხადა ზეინაბ სულეიმანმა.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ მამამისის მოკვლისთვის, აშშ-სა და მის მოკავშირე ისრაელს შავი დღეები ელის.

სამგლოვიარო ცერემონია თეირანის უნივერსიტეტში 6 იანვარს დაიწყო. კასემ სულეიმანთან გამოსამშვიდობებლად იქ მივიდნენ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა.

3 იანვრის ღამეს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებული იქნა გენერალ-მაიორი კასემ სულეიმანი. პენტაგონის განცხადებით, დარტყმა დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.

თეირანში ვაშინგტონის მოქმედებას ტერორიზმის აქტი უწოდეს და განაცხადეს, რომ გენერლის მოკვლას სტრატეგიული შურისძიება მოჰყვება. ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა განაცხადა, რომ სულეიმანის მოკვლის გამო, ირანი აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე მიიტანს იერიშს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერი სახის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანის 52 ობიექტზე განახორციელებს დარტყმას.