06 იან 2020 13:45 507
„შეწყალების ახალი კრიტერიუმების და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, რომელიც ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას - ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დასრულდა 2019 წელი და დაიწყო ახალი წელიწადი ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით, მართალია, სულ რამდენიმე, მაგრამ მნიშვენლოვანი საკითხების გარშემო. იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, იმ დროს, როცა რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და ეს იქნება ჩემი წლის მიზანი.
შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით - შერბილებული. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე: შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე, იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულია შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“