06 იან 2020 16:08 922
ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე თავის ყოფილ ქმარს, რომელიც სასულიერო პირია, ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო სამართალდამცავებს — უმოქმედობაში. არაერთ ფეისბუქლაივში ქალი ყვება, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ყოფილ ქმარს კი მისი ყოფილი მამამთილი, ასევე, სასულიერო პირი აფარებს ხელს.
როგორც ნინო გორგოშიძე ამბობს, ქმრის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, თუმცა მუქარას ისევ იღებს და დახმარებას ითხოვს. ქალი ყვება, რომ მუქარის შემცველი წერილები მან სამი დღის წინ მიიღო და ამ დრომდე ყოფილი ქმარი დაკავებული არაა:
"მე დავურეკე ჩემს პროკურორს, მაია ჟვანიას და ვეუბნები, მეშინია, ყოველღამე ჩემთან ვიღაცა რჩება, სადამდე დარჩეს ვიღაცა? ჩემი მეუღლე, რომელიც მემუქრება ბეისბოლის ბიტით ტვინის გასხმით, რომელიც მემუქრება დანით ჭრილობების მიყენებით. მეუღლე, რომელიც მალე მომკლავს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მართალია იმის მერე არ გამოჩენილა, მაგრამ მე ხო ვიცი რა პათოლოგია ჩემი მეუღლე, არა? თვითონაც ხო იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორი პათოლოგია. აფეთქებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო ამისი ავარიებით, ამისი ხულიგნობით, ამისი არაადამიანობით".
ნინო გორგოშიძის თქმით, პროკურორი მას პოლიციაში ამისამართებს, ხოლო იქ ეუბნებიან, რომ პროკურატურას მიმართოს:
"სულ მიკანკალებს ყველაფერი. ადამიანებო, ესენი ისე მომკლავენ და ისე შეკერავენ საქმეს, რომ ისინი გამოვლენ მართლები და მე გამოვალ გიჟი. ზუსტად ვიცი, ასე გამოვა ეს საქმე. გეკითხებით რატომ?.. პროკურორს ვურეკავ და პროკურორი მეუბნება, რომ მე ვარ ხალხში, ვარ ექიმთან და ვერ გიპასუხებ. რაში მაინტერესებს ექიმი და ხალხი. რას ჰქვია ვერ მიპასუხებს? მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. მე მეშინია, მე ჩემი ქმარი მემუქრება, გავიდა სამი დღე და წინასწარ პატიმრობაში არაა".
გარდა ამისა, გორგოშიძე ამბობს, რომ მის ყოფილი ქმრის ძალადობის შესახებ საპატრიარქომ დდეტალურად იცის.
"ორივეს [მამამთილს და ქმარს] უნდა ჰქონდეს კაბა გახდილი და ჩემი ქმარი უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში".
სასულიერო პირი, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, პირიქით, მსხვერპლის მიმართ ითხოვს დაცვის ორდერის გამოწერას. ამავე დროს, პროკურორი აცხადებს, რომ გორგოშიძე ყოფილი ქმრის მხრიდან არაერთხელ ყოფილა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. მისივე თქმით, არაერთი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, სადაც ნინო გორგოშიძე მსხვერპლად არის დაფიქსირებული.