06 იან 2020 16:13 483

გრიპის ვირუსს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

 

გრიპის ვირუსმა ბოლო ორ კვირაში მოიმატა. ინფორმაციას მედიკოსები ადასტურებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამ დროსითვის ყველაზე მეტად B ტიპის ვირუსია გავრცელებული. მოსახლეობის 80%-ს სწორედ აღნიშნული ტიპის ვირუსი უფიქსირდება. უფრო კონკრეტულად 100 000 მოსახლიდან 191 ადამიანს აღენიშნება გრიპის ვირუსი.
ოფიციალური ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულად წელს ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორივე შემთხვევაში მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობა გახდა.

 

"მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, არის დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით ოდნავ, დაახლოებით 3 პროცენტით მომატებული," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტები მომდევნო თვეებში გრიპის შემთხვევების მატებას ვვარაუდობენ.

"არ არის გამორიცხული, ასევე, მეორე პიკის სახით გარკვეული მატება მოგვცეს გრიპმა მომდევნო თვეებში, ამიტომ ისევ რჩება რეკომენდაციად გრიპის შესახებ იმუნიზაცია განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. იმუნიზაცია არასოდეს არ არის გვიანი," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

"ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რომელიც დადის გარეთ, ავრცელებს გრიპს. თუ იქნება ის იზოლირებული ოჯახში, ოჯახის წევრებიც უნდა მოერიდონ," - თქვა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.