06 იან 2020 21:40 658

ზურაბიშვილის კიდევ ერთი ტყუილი - პრეზიდენტი დეკანოზის ადვოკატებს არ შეხვედრია!

 

 

სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არც საშობაოდ შეიწყალა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ნახა არგუმენტი დეკანოზის შესაწყალებლად. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად საქართველოს პატრიარქმა მიიღო და მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით რჩება დეკანოზი მამალაძე საპყრობილეში. ამ საკითხზე „ჰოთნიუსი“ გიორგი მამალაძის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა:


- ბატონო მიხეილ, ეთანხმებით თორნიკე მამალაძეს, რომ ეს ილია მეორის პირადი გადაწყვეტილება იყო და სალომე ზურაბიშვილი არაფერ შუაშია?
- ზუსტად ვერ გეტყვით, პირადად უწმინდესის გადაწყვეტილება იყო თუ არა, მაგრამ საპატრიარქოში მყოფი პირების მიერაა ეს განხორციელებული. შუაში კი არა, თავშია სალომე ზურაბიშვილი, რადგან პრეზიდენტი როცა ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ობიექტურობა გმართებს. იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე, საზოგადოებრივი ვნებათაღელვა არ გამოეწვია შეწყალებას, აბსურდია. აბსურდია მისი მხრიდან პატრიარქისა და ეკლესიის გადარჩენაზე საუბარიც. რა შემხებლობაშია ვინმე შორენა თეთრუაშვილის ე.წ. მკვლელობის მომზადება, რომელიც საერო პირია პატრიარქის და ეკლესიის საფრთხესთან? თავიდანვე ეგრე გაავრცელეს, რომ ვითომ გადაარჩინეს პატრიარქი და საქართველო, ამ დროს თავიდანვე შორენას მკვლელობის მომზადებაზე ჰქონდა წაყენებული ბრალი, მაგრამ თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდნენ. ვერსიების არსებობა - პატრიარქი იყო თუ შორენა, კარგად გაასაჯაროვა კონსტანტინე იაკობაშვილმა (იგულისხმება ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი - რედ), რომელიც პირდაპირ ამბობდა, ორ ვერსიაზე ვსაუბრობდით კვირიკაშვილთან ერთადო და დაასახელა გვარები და სახელები, პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორებას რომ განიხილავდნენ, რაც ჩემდა სამწუხაროდ, სისულელედ მონათლა მაშინვე ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა. ამგვარი ინფორმაციაც საკმარისი იყო, რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ ეს არის ერთმანეთში ამღვრეული და უნიჭოდ გაკეთებული მბავი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
- თუ დეკანოზის არშეწყალება საპატრიარქოში გადაწყდა, მაშინ წმინდა სინოდმა მისი შეწყალების შუამდგომლობით რატომღა მიმართა პრეზიდენტს?
- ეს იყო ფორმალური, მოიხსნა პასუხისმგებლობა... ერთ-ერთმა მეუფემ, თუ არ ვცდები, ჭყონდიდელმა თქვა, ხომ შეიწყალა პრეზიდენტმა დეკანოზი ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზეო, ანუ არც უკითხავს მათი პოზიციის შედეგის შესახებ. მოიხსნეს პასუხისმგებლობა, სალომე ზურაბიშვილიც ამბობდა, ყველანაირ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებო, ლამის ადვოკატები არგუმენტების არქონაში დაგვადანაშაულა, თითქოს ვერანაირი არგუმენტაცია ვერ წარგვიდგენია მისთვის შესაწყალებლად. ამ დროს არანაირი კომუნიკაცია სალომესთან არ მქონია. ეს დოკუმენტაცია და მტკიცებულებები კი ყველასათვის ნათელია, თუ როგორი შეთითხნილი ბინძური საქმეა.
- ანუ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ადვოკატებს არ გაგესაუბრათ? არადა, ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატების არგუმენტაცია მოვისმინეო...
- არც მასთან და არც მის წარმომადგენელთან არ მქონია საუბარი. ჩვენ დავწერეთ საჩივარი, სადაც ფაქტები მოვიყვანეთ. ხაზს ვუსვამ, რომ მარგველაშვილის პერიოდში, როცა ორჯერ შევიტანეთ განცხადება შეწყალებაზე და მტკიცებულებები წარვადგინეთ, მაშინ შეწყალების კომისიის წარმომადგენლებთან გვქონდა დიდხნიანი შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ და თვითონაც მიხვდნენ, რომ ჩვენი პოზიცია იყო სამართლიანი. მიუხედავად ამისა, მაინც არ შეიწყალა მარგველაშვილმა, რადგან საპატრიარქოსგან მოსთხოვეს, არ შეეწყალებინა. იმასთან გვქონდა კონტაქტი, მაგრამ სალომეს ადმინისტრაციასთან არანაირი შემხებლობა არ მქონია.
- ბატონო მიხეილ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არგუმენტი ვერ ნახა დეკანოზის შესაწყალებლად. როგორია ეს არგუმენტი თქვენი პოზიციით? 

-არგუმენტი მრავალია. პირველ რიგში, ჯანმრთლეობის მდგომარეობა აქვს კრიტიკული. ამასთან, მთელი საქმის მასალები და მტკიცებულებები ერთი დიდი მაკულატურაა, რა დროსაც არანაირი საგამოძიებო მოთხოვნა, რაც ევალებოდათ გამომძიებლებსა და პროკურატურას, არ გაკეთებულა. მოსამართლე ხან ერთ კვალიფიკაციაზე გადადიოდა, ხან მეორეზე და ბოლოს რაღაც „ოქროს შუალედი“ მოუძებნეს, რადგან ანგარება არ დადასტურდა. ამ ყველაფერს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ არაიურისტიც კი კარგად აანალიზებს. სახალხო დამცველის ანგარიში, სასამართლოს მეგობარი ცნობილი მოსამართლის, პროფესორის პოზიცია ცალსახად აფიქსირებს დეკანოზის უდანაშაულობას და ამის თაობაზე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში მყოფ იურისტებსაც კი გავაცანით და ისინიც განცვიფრებული იყვნენ ამ უკანონობაზე. სტრასბურგშიც არის გადაგზავნილი საჩივარი დეკანოზის საქმეზე და როცა შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც კიდევ ერთი სირცხვილი იქნება ჩვენი მართლმსაჯულებისთვის, როგორც გირგვლიანისა და სხვა არაერთ საქმის თაობაზე მოხდა, საინტერესოა, ამის მერე პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნახავს თუ არა არგუმენტებს, რომ უდანაშაულოა დეკანოზი. 
- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ დეკანოზს ბრალად ედება არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მვლელობის მცდელობა თუ განგებ მოიტყუა?
- ერთიც შესაძლებელია და მეორეც. მე უფრო მგონია, რომ როგორც თავიდან გავრცელდა ხელისუფლების მხრიდან, რომ პატრიარქის წინააღმდეგ იყო, ეს ალბათ, არც გადაუმწომებია ისევე, როგორც წმინდა სინოდის წევრებს არ გადაუმოწმებიათ, მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იყო თუ არა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ამისთვის არც ეცლებოდა სალომეს, საქმე შეესწავლა და დაედგინა რა, როგორ და რანაირად იყო. უბრალოდ, შეეკითხა ვიღაცებს, შესაბამისი პასუხი მიიღო და თვითონაც აურ-დაურია ტექსტური შეტყობინებები.    

 

წყარო - ჰოთნიუსი