06 იან 2020 22:46 2125
რეჟისორი, ბექა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, ციხეში გატარებულ 2012 წლის 7 იანვრის ღამეს იხსენებს:
"შობის დაღამებას ვუცდიდით ყველა... იმ წუთას, იმ მომენტში, არავის არაფერი არ გვადარდებდა, უბრალოდ ყველას რაღაც შვების, იმედის განცდა გვქონდა... ქვეცნობიერი იმედის. სადღაც გონებასა და გონებას შორის რომ სუნთქავდა... ათ საათს უკვე გადაცდენილი იყო დიდი ხნის. "ატბოი" დიდი ხნის დაძახებული იყო... შუქები ჩამქრალი, დერეფნებში მხოლოდ "კლუჩნიკების" ნაბიჯები და გასაღებების რიტმული ჩხაკუნი ისმოდა... და არავის, არავის არ ეძინა მთელ ციხეში იმ ღამით.. ყველა დაძაბული იცდიდა... თითქოს ყველა ერთ ტონში, ერთი ფილტვებით სუნთქავდა იმ ღამეს. აი თორმეტი საათიც გახდა... სადღაც შორიდან, ზარების რეკვის ხმა მოიტანა ქარმა. ჯერ ერთ გისოსებს მიღმა აკიაფდა ობლად ერთი სანთელი, შემდეგ მეორე... მესამე... მეათასე და სულ მალე ყველა ფანჯარაში სანთლები კიაფობდა სულ ერთი წუთით... მაგრამ მაინც კიაფობდა... აი შემდეგ კი..... დერეფნებში ნაბიჯების ბრაგუნი, რკინის კარებების ჯახუნი ... დედის ტრაკის გინება და "ვაი დედა" გადაიზილა ერთმანეთში... დამთავრდა შობის ღამე და დაიწყო გოდების თენება... მაგრამ იქ იმ სისხლში, ფურთხში და ვაებაში
მარტო ის ერთი წუთი, შობის ის ერთი სანთელი სრულიად საკმარისი იყო ამ დილის შესახვედრად!!!"