07 იან 2020 10:41 347

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს

 

 

დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.  შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც, სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ოჯახში იწვევენ.