07 იან 2020 14:02 2512

წურწუმიას ბიძა: "შსს-დან მოვიდნენ და მითხრეს - ჟურნალისტები რატომ გამოიძახეო, გომელაური მფარველობს მეორე სპეცრაზმელს"

 

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის მძიმე გაგრძელება - სპრცრაზმელების მიერ წამებით მოკლული ბიჭის ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს.

წურწუმიების თქმით, მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, მათთან შსს-ს თანამშრომელი მივიდა და ერთგვარად უკმაყოფილება გამოთქვა, რომ წურწუმიებმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბეს.

მოკლული ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ მეორე სპეცრაზმელს, რომელსაც ისინი მკვლელობაში ადანაშაულებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მფარველობს:

"გომელაური მფარველობსო ამბობენ.... ჟურნალისტები რატომ გამოიძახეთო, მითხრა პოლიციის თანამშრომელმა. პოლიციაში არც კი შემიშვეს. მისაყვედურეს ჩემს მეორე ძმიშვილთან მედიის წარმომადგენლები რომ მივიყვანე"- აცხადებს მოკლული ბიჭის ბიძა.

მისივე თქმით, დაკავებულ სპეცრაზმელს, გამოძიება განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავება და არა მკვლელობას.

"ორნი იყვნენ, ჩემი ძმიშვილი აცხადებს, რომ ორნი ურტყამდნენ"- აცხადებს მოკლულის ბიძა.

ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი, ნაცემმა მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმია კი სპეცრაზმელების ხელში აღმოჩნდდა.

 

 

 

მუხრან წურწუმია ყვება, რომ მან მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა.

 

ნიუპოსტი