07 იან 2020 14:55 852
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ მიზეზებს ხსნის:
„სასამართლოს უარის თქმის საფუძვლებად გამოყენებული დასაბუთება იმდენად უსუსურია (თურმე ბრალდებულის თავისუფლება ფსიქოლოგიურად იმოქმედებს დასაკითხ მოწმეებზე და ამავდროულად თურმე არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე), რომ კიდევ უფრო აღრმავებს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული ს/ს საქმე პოლიტიკური დაკვეთითაა სასამართლოში წარდგენილი და მისმა დამკვეთმა სასამართლოშიც შეაღწია.
„მიღებული გადაწყვეტილება ასევე არანაკლები ალბათობით იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ დამდგარ განაჩენს. დღემდე საქმეში არსებული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ, რომ გ. ჯანაშია მოქმედებდა მისი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, შემთხვევის ადგილზე არსებული და გამოძიების მიერ იგნორირებული ისეთი მტკიცებულებების ანალიზი, როგორებიცაა სასკოლო ჩანთის ჩამკეტი, ფარდულის მარჯვენა ბოძთან არსებული კვალი, გ. ჯანაშიას დანის ლოკაციის ირგვლივ არსებული ფეხისა და მუხლის კვალი, სისხლის კვლები ამ სამივე ლოკაციაზე, თვით დანის მდგომარეობა, ერთ-ერთი მოწმის დაჭრის ეპიზოდის შესახებ მ. კალანდიას სასამართლოზე გამოვლენილი უარსებითესი გარემოება (ეს სრული სიახლეა) და სხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებ, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა პირდაპირი ინტერესია, როგორც მმართველი პარტიის ასევე „ევროპული საქართველოსი“, რამეთუ ამ ორ პარტიასა და ზაზა სარალიძეს შორის არსებობს გარიგება, რომლის მიხედვით ზაზა სარალიძის მხრიდან ადგილი არ ექნება აქციებს თუ მიხეილ კალანდია იქნება გასამართლებული (გ. ჯანაშიას ნაწილში უდიდესი ნაწილი შეპირებულისა შესრულებული აქვთ)“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.