07 იან 2020 15:22 2280
რამდენიმე წლიანი ტრადიციის შემდეგ, წელს პირველად, შობის ლიტანიობის ღამეს, თამრიკო ჭოხოლიძეს, მარიამ როინიშვილსა და ელენე მახარაძეს სამების საკათედრო ტაძარში კახიძის საშობაო საგალობელი არ უგალობიათ.
ბუნებრივია, დავინტერესდით, რა გახდა ამ ტრადიციის დარღვევის მიზეზი? „პრაიმტაიმი“ ამ კითხვით მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს დაუკავშირდა.
თამრიკო ჭოხონელიძე:
„წელს არ გვიგალობია და გაკვირვებული ვარ, რადგან ეს 17 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე უარის გამოა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მიუხედავად მათი ორიენტაციისა, მე მხარი არ დავუჭირე ამ ადამიანების ჩაქოლვას და დაპირისპირებას. მე არ მინდოდა დაპირისპირებაში თუნდაც ერთ-ერთი მხარე ვყოფილიყავი. მე როგორც ვიცი, ეკლესიისგან უნდა ვისწავლოთ მიმტევებლობა და არა შურის გება. მე ერთს ვიტყვი: როდესაც ჩვენ შობის ღამეს გვაქვს პატივი და ტაძარში ვგალობთ, იქ აუდიტორია არ არის, იქ მრევლია. ჩვენ ყველანი ერთად ვუგალობთ უფალს. ჩემთვის ძალიან დიდი ტაძარი ჩემი ოჯახია. გუშინ სახლში, შობის ღამეს, ჩვენ სამივემ ძალიან ლამაზად ვიგალობეთ. შობას სახლში ვხვდებოდით ყოველთვის, გალობა ეპისტოლეს წაკითხვამდეა.
ყველას, ვინც სახლში შეხვდა შობას და მათ, ვინც ტაძარში იყო, დიდი სიყვარულით მივულოცავ შობას. და ჩვენ თუ ტაძარში არ გვიგალობია, ამით განსაკუთრებული არაფერი მოხდარა. მინდა ეს ხალხმა განსაჯოს“.
პრაიმთაიმი