07 იან 2020 15:32 1703

"ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ" - სპეცრაზმელი

 

 

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულმა სპეცრაზმელმა სასამართლოში სიტყვით ისარგებლა და მომხდარზე მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა... რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ”, - განაცხადა ბრალდებულმა.

ოჯახის ინფორმაციით, ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი, ნაცემმა მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმია კი სპეცრაზმელების ხელში აღმოჩნდდა.

 

მუხრან წურწუმია ყვება, რომ მან მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა.

 

 

 

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინცინდენტში მონაწილე მეორე პირი უწყების თანამშრომელი არ არის და შსს-ში არც არასდროს უმუშავია.