07 იან 2020 18:15 386
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად მიიღო.
მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამედიცინო თვალსაზრისით აქვს სრული ყურადღება და მას თავის დროზე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა.
„როდესაც ადამიანი შიმშილობს, კანონმდებლობით მას განსაკუთრებული ყურადღება და მონიტორინგი ესაჭიროება სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრო და სასჯელაღსრულების სისტემა ამ შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. ყველა პატიმარს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ადამიანს, ვინც რჩება პატიმრობაში, ვუსურვებ, რომ მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს, საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ყველა ჩვენ, მედიაც, პოლიტიკოსებიც უნდა მოვერიდოთ ისეთი საკითხების პოლიტიზებას, სადაც რეალურად საკითხები არის გასარკვევი სასამართლოში, სადაც საკითხები არის გასარკვევი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ემოციებითა და ურთიერთბრალდებების ფონზე.
ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო. შესაძლოა, ზოგისთვის ეს იყოს მიუღებელია, ზოგისთვის მისაღები, მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, ეს იყო სამარცხვინო, ვგულისხმობ ბრალდებებს, რომელიც გაისმა კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, იმ ადამიანის მისამართით, რომლის ინიციატივითა და სინოდის გადაწყვეტილებით მოხდა შუამდგომლობის მიმართვა. უნდა დავფიქრდეთ კარგად ვიდრე ბრალდებებს გავახმოვანებთ, ვიდრე ცილს დავწამებთ ვინმეს, თუ უფრო მეტად დავუფიქრდებით ჩვენს სიტყვებს, ჩვენს განცხადებებს, გვექნება უკეთესი ქვეყანა და უკეთესი სახელმწიფო.
პატიმრებს აქვთ საშუალება, როგორც პენიტენციური სისტემის, ასევე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში მიიღონ მომსახურება, კვლევები თუ მკურნალობა. შესაბამისად, ათასობით პატიმარი სარგებლობს ამით, ამით სარგებლობს ბატონი მამალაძეც. მე არ მგონია, რომ მედიასთან გასარკვევი საკითხი იყოს პაციენტის დიაგნოზი და რა მკურნალობა სჭირდება მას, ეს არის ადვოკატის, ოჯახის წევრების სახელმწიფოსთან განხილვის საგანი“