07 იან 2020 20:00 1097

„ჩვენ ომში მივდივართ მეგობარო“ - აშშ-ში ჯარისკაცებს შუა აღმოსავლეთში აცილებენ

 

 

შეერთებულ შტატებში 82-ე საჰაერო დივიზიის ჯარისკაცებს შუა აღმოსავლეთში აცილებენ. მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცებს ნათესავები და ახლობლები განსაკუთრებით ემოციურად ემშვიდობებიან.

„ჩვენ ომში მივდივართ მეგობარო“, ამ სიტყვებით ერთ-ერთმა სამხედრომ იქ შეკრებილებს მიმართა. კიდევ ერთმა ჯარისკაცმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ მას არ გაკვირვებია, როცა ბრძანება მიიღო.

„ახალ ამბებს ვუყურებდი, ვხედავდი როგორ ვითარდებოდა მოვლენები. შემდეგ შეტყობინება მივიღე სერჟანტისგან, რომელიც მწერდა: „არსად წახვიდე“. მივხვდი, ეს ის იყო“,-განუცხადა 27 წლის ჯარისკაცმა „როიტერსს“.

როგორც CNN წერს, გამგზავრებამდე ჯარისკაცებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. პოლკოვნიკ, მაიქლ ბარნის თქმით, ეს უჩვეულო გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამო მიიღეს.

„ჩვენ ჩვენს ჯარისკაცებს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“,-განაცხადა ბარნსმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ქვედანაყოფი აშშ-ის სწრაფი რეაგირების ძალების ერთ-ერთი ყველაზე მობილური ჯგუფია. კონფიდენციალურია, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდება მათი საბოლოო დისლოცირება, თუმცა თავდაპირველად ისინი ქუვეითში ჩაფრინდებიან.