07 იან 2020 20:10 8263
მარიანა ჩოლოიანს საპროცესოს უფორმებენ - 15 წლის მოზარდზე განხორციელებული ძალადობისათვის დაკავებულ პოლიციელს შესაძლოა პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ.
ეს ინფორმაცია პრესა.ჯის პროკურატურის მოქმედმა თანამშრომელმა აცნობა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე განსასჯელისაგან ბრალის ნაწილობრივ აღიარებას ითხოვს.
პროკურატურის თანამშრომელი გვიყვება რომ ამ ეტაპზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაწილში უნდა აღიაროს ბრალი ლუკა სირაძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისათვის დაპატიმრებულმა პოლიციელმა.
სანაცვლოდ კი, ხელისუფლება, პროკურატურის სახით, საპოლიციო სისტემის ერთერთ მთავარ საყრდენს, მარიანა ჩოლოიანს ჰპირდება რომ პატიმრობას გირაოთი შეუცვლის.
შეთავაზების მიხედვით, ბრალდება ერთწლიან პირობით სასჯელს მოითხოვს, ხოლო გარკვეული დროის, უფრო ზუსტად კი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩოლოიანს შსს-ს ორგანოებშიც აღადგენენ.
ამ ინფორმაციას პროკურატურაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.
თუმცა, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ზუსტად ასე მოხდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც.
კერძოდ, მაშინ, ჩვენ (პროკურატურის იმავე თანამშრომელზე დაყრდნობით, რომელმაც ჩოლოიანზე მოგვაწოდა ინფორმაცია), დავწერებთ რომ ფულის გათეთრების ფაქტზე ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, რაც თავდაპირველად უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით, თავადვე დაადასტურეს.
შეგახსენებთ რომ ბრალდების თანახმად:
- 2019 წლის 10 დეკემბერს, პოლიციის გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა 15 წლის ლუკა სირაძე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა.
- მარიანა ჩოლოიანმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და არასრულწლოვან ლუკა სირაძეს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.
- ლუკა სირაძემ აღიარებაზე უარი განაცხადა.
- მარიანა ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით.
- არასრულწლოვანმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო.
- შედეგად, მოზარდი, 12 დეკემბერს თვითმკვლელობის მიზნით, მეცხრე სართულიდან გადახტა.
- ლუკა სირაძე 17 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, მარიანა ჩოლოიანმა “მწვანე სკოლის” კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხა.
ჩოლოიანის ადვოკატი საჯარო გამოსვლებისას აცხადებს რომ გამოძიებას სათანადო მტკიცებულებები არ გააჩნია. ის გამომძიებლის უდანაშაულობაზე საუბრობს და მოზარდზე ზეწოლას გამორიცხავს.
გარდაცვლილის დედისა და ძმის განცხადებით კი, ლუკა სირაძეზე ჩოლოიანთან ერთად სხვა პოლიციელებიც ძალადობდნენ. გამოძიებას კი მხოლოდ ერთი ბრალდებული ჰყავს. ლუკას ძმა მათ დაკავებასაც ითხოვს.
თუმცა, სავარაუდოდ, პროკურატურა სხვა დამნაშავეებს ხელს აფარებს, რის გამოც ფაქტობრივად, იძულებულია დაკავებულ ჩოლოიანს ბრალის ნაწილობრივი აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გაუფორმოს (ამ ეტაპზე, ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს), რათა მან თანამონაწილეები არ დაასახელოს, რაც უკვე არა რიგით შემთხვევად, არამედ, სისტემურ დანაშაულად ჩაითვლება.
პრესა.ჯი