08 იან 2020 01:18 705

"სარალიძესავით ვერ მომატყუებთ, მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა"

 

წამებით მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას დედამ  სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობასი ორი პირი მონაწილეობდა და ვიდრე ორივეს არ დაიჭერენ, არ გაჩერდება.

 

“მე არ ვარ ის ქალი, ვისაც სარალიძესავით მოატყუებთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა. მარტო ერთი რატომ დაიჭირეს? სად არის მეორე დამნაშავე?  ხელს რატომ აფარებენ? იმიტომ რომ ჯგუფური მკვლელობის ბრალდება უფრო მძიმეა და სასჯელი არ დაუმძიმდეთ?! არ ვაპატიებ არავის ჩემი შვილის სიკვდილს! გამოვიდეს ის მეორე და თქვას, რომ ისიც მონაწილეობდა. არ გავჩერდები მანამდე"

 

პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ვინაიდან სასამართლოზე დასწრება გარდაცვლილის დედამ მოითხოვა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ჭირისუფალს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შინ დარჩა, ის დარბაზში არ შეუშვეს.

დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული და მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მეორე პირს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ვარაუდით მკვლელობის თანამონაწილეა, ადვოკატი ამბობს, რომ ის არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, არამედ მეზობელია და ამ დროისათვის მისი ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.

2020newvs.ge