08 იან 2020 14:17 516
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თხევადი გაზის აირბალონიანი შემოწმება სავალდებულო გახდა:
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ავტომობილის მფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ვერ შესთავაზა.
აღნიშნული მომსახურება გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი აღარ არის. ამიტომ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება იმიტომ, რომ მძღოლები ამ პროცესისთვის მზად არ არიან. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ იმდენად, რამდენადაც პროცესი არის მოუმზადებელი, მითუმეტეს არ არის ელექტრონული პროგრამა, არის ძველებური მოდელი, რომლითაც ჩემი აზრით, შესაძლებელია, იმ საბუთების გაყალბება, რომლებიც დღეს გაიცემა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს. ასევე აღმოჩნდა, რომ ცენტრების რაოდენობა, რომლებმაც თხევადი გაზის აირბალონები და სისტემა უნდა შეამოწმონ, სრულებითაც არ არის საკმარისი და არის მხოლოდ ორი მოქმედი ცენტრი. მაგალითად ბათუმში თუ არის მომხმარებელი, ის უნდა ჩავიდეს ქუთაისში ინსპექტირების ჩასატარებლად.
ტექინსპექტირების გავლას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურა და თანხა, რომელიც საშუალოდ, ჩემი ინფორმაციით, 250 ლარია.
თუ მაგალითად ჩვეულებრივი ინსპექტირების შემთხვევაში არის 60 ლარი და სახელმწიფო ამაში ჩაერია, რომ ვიღაცას თანხები ხელოვნურად არ აეწია, ამ შემთხვევაში საერთოდ შესაბამის სტრუქტურებს არანაირი რეაქცია არ აქვთ. ამიტომ, დასადგენია ან ქვედა ზღვარი ან ზედა ზღვარი, რადგან როცა შენ მძღოლს ავალდებულებ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოს, უნდა დავუშვათ რისკი, რომ შესაძლოა კიდევ გაძვირდეს“