08 იან 2020 16:53 494
წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, შენობა რომელშიც ორი ქალი დაიწვა ამორტიზებულია და სამინისტრო ადამიანების დასახმარებლად არაფეს აკეთებს.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს წარმომადგენლის გიორგი ქორიძის თქმით, შენობა საცხოვრებლად საშიში იყო.
„სანთელის ან რაღაცის წვის შედეგად არის, სავარაუდოდ, ხანძარი გაჩენილი. აღნიშნულ შენობაზე სამი ექსპერტიზაა როგორც მახსოვს გაკეთებული. ორ შემთხვევაში არ ეწერა პირდაპირ, რომ ავარიული იყო შენობა. იძულებული გავხდით მესამე ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, სადაც დაიდო დასკვნა, რომ შენობა არის ავარიული და აქ ცხოვრება არ შეიძლება“, - განაცხადა ქორიძემ.
„თავისუფალი საქართველოს“ წევრის გოგი წულაიას განცხადებით, შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან 2 მოხუცს ელექტროენერგია ჩაუჭრეს.
„ამ პირობებში მცხოვრებს, ორ მოხუც ქალბატონს დენს რომ ჩაუჭრი, რომელთაც ამ ქვეყნის წინაშე რაღაც ვალი მოხდილი აქვს და უჭრის ის ადამიანი, რომელსაც ერთი ხეც არ გაუხარებია - ახალგაზრდა ცივსისხლიანი “შპინგალეტები“ და აი, შედეგიც. არ ჰქონდათ სინათლე, დაანთეს სანთელი და დაიწვა ორი ადამიანი“, - ამბობს გოგი წულაია.
ცნობითვის, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს, გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, აალება სანთელმა გამოიწვია, რომელსაც ისინი იყენებდნენ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.