08 იან 2020 17:07 549
ირანის მიერ ერაყში აშშ-ს ბაზების დაბომბვის შემდეგ ავიაკომპანიები ერაყსა და ირანში ფრენებს აუქმებენ. ასევე, ზოგიერთი ავიაკომპანია მათი საჰაერო სივრცის გამოყენებაზეც უარს ამბობს.
ირანის თავზე ფრენები შეწყვიტა Singapore Airlines-მა, China Airlines-მა, Lufthansa-მ და Malaysia Airlines-მა. ბაღდადში ფრენები გააუქმა Emirates-მა და Flydubai-მ.
Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, Air Canada-მ და Srilankan Airlines-მა მიმართულებები შეცვალეს. როგორც Reuters წერს, რეისები გააუქმა China Southern Airlines, ხოლო Air France ირანსა და ერაყის თავზე ფრენებს წყვეტს.
რუსეთმა რუსულ ავიაკომპანიებს შესთავაზა, რომ ირანის, ერაყის, სპარსეთისა და ომანი ყურეების თავზე ფრენები არ განეხორციელებინათ. რეისებს ცვლის ურალის ავიახაზები და S7.
საქართველოდან თეირანის მიმართულებით ავიარეისებს ირანული კომანიები Taban Airlines და Qeshm Air ახორციელებენ. თეირანი-თბილსი-თეირანის მიმართულებით Qeshm Air კვირაში ექვსი დღე ასრულებს რეისებს, ხოლო Taban Airlines — ყოველდღე. გარდა ამისა, Taban Airlines თეირანი-ბათუმი-თეირანის მიმართულებით კვირაში ორი დღე დაფრინავს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ კომპანიებს რეისების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ფრენები განრიგის მიხედვით შესრულდება. მათივე თქმით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან რაიმე შეტყობინება ან რეკომენდაცია სამოქალაქო რეისების შეწყვეტის შესახებ არ მიუღიათ.
"ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ირანულ ავიაკომპანიას ფრენას. ჩვენ შეგვიძლია, ასეთი საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ავიაკომპანიებს შევუზღუდოთ ფრენა. ამ შემთხვევაში ჩვენი ავიაკომპანიები რეგულარულ რეისებს არ ასრულებენ, მაგრამ თუ სივრცეს იყენებენ, თავადაც არიან უფლებამოსილნი გარკვეული მიმართულებით მარშრუტი შეცვალონ", — აცხადებენ სააგენტოში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ სიტუაციას აკვირდებიან და ინფორმაციას აგროვებენ, საჭიროების შემთხვევაში კი ავიაკომპანიებს ინფორმაციას მიაწვდიან.
ონ.ჯი