08 იან 2020 17:10 701
ინტერპოლმა პოლონეთში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი დააკავა, რომელიც მანამდე თავშესაფარს საქართველოში ითხოვდა.
აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტი დაშგინ აგალარლიმ სამი წლის წინ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიაში, ინტერპოლმა კი 6 იანვარს გდანსკის (პოლონეთი) აეროპორტში დააკავა. ამის შესახებ გამოცემა Jam-news იტყობინება.
აგალარლის თქმით, ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს და ბაქოში ექსტრადირებას აპირებენ. კონკრეტულად რა ბრალდებას უყენებენ მას, უცნობია. აგალარლი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასზე ნადირობს.
სამშობლოში დაშგინი ოპოზიციურ სპექტრში იყო. ხელისუფლებისგან დევნის გამო 2014 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. მალევე, ის საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების ბრალდებით ძებნილთა სიაში მოხვდა, რის გამოც თბილისში დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს. საიდანაც 6 თვის შემდეგ, ადგილობრივმა უფლებადამცველებმა გაიყვანეს.
2017 წელს დაშგინმა მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში, მაგრამ შემდეგ ჩამოართვეს ეს სტატუსი და იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიაში.
„აზერბაიჯანული პასპორტი, რომლის მიხედვითაც ძებნილთა სიაში ვიყავი, მოქმედი არ არის. მე ახლა ნორვეგიული პასპორტი მაქვს. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათ უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი“, - განუცხადა დაკავებულმა გამოცემა „კავკასიურ კვანძს“.
ოპოზიციური პარტიის - „მუსავატის“ წევრი, დაშგინ აგარლარი არის ერთ-ერთი მათგანი, ვისაც საქართველომ უარი უთხრა თავშესაფარზე. 2014 წლის 1 მარტს ის დააპატიმრეს თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დროს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში გამართულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო გადასახადების თავიდან აცილების ბრალდებით. მან ექვსი თვე გაატარა ქართულ ციხეში.
ფოტოზე: დაშგინ აგარლარი აფგან მუხთარლისთან ერთად, თბილისში
„როდესაც ციხეში წავედი, მაშინვე ვიკითხე თავშესაფარი ადვოკატის მეშვეობით, მაგრამ უარი მივიღე. შემდეგ გავაასაჩივრე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს დაავალა, გადაეხედა ჩემი საქმისთვის. როგორც ჩანს, სამინისტრო მზად იყო ამისთვის, გამომიძახეს სამინისტროში და შემდგომი პროცედურებიც კი გამაცნეს, მაგრამ მეორე დღეს მათ მოულოდნელად განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება“.
სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და კანონის თანახმად, დაშგინს უნდა დაეტოვებინა საქართველო 30 დღის განმავლობაში. ბოლო ვადა 9 ივნისს ამოიწურა, მოულოდნელად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქვეყანაში ცხოვრების უფლება ერთი წლით გაეხანგრძლივებინა.
„თავდაპირველად ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ მათ ჰქონდათ ჩემი პასპორტი, რომელიც არ დამიბრუნეს და გამიკვირდა: როგორ შემიძლია პასპორტის გარეშე ქვეყნის დატოვება? სიტუაცია იმან გაამწვავა, რომ ჩემს შვილს, რომელიც პირველი კურსის სტუდენტი იყო, საერთოდ არა ჰქონდა საბუთი. მას არ მისცეს საბუთი არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში“, - თქვა აგალარლიმ.
აფგან მუხტარლი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გატაცებული და აზერბაიჯანული მართლმსაჯულებისთვის გადაცემული, აფრთხილებდა, რომ თუ აგალარლი სამშობლოში დაბრუნდებოდა, იგი აზერბაიჯანული ოპოზიციის აქტივისტის, მეჰმან გალანდაროვის ბედს გაიზიარებდა. 2017 წლის 29 აპრილს, საქართველოდან ბაქოში დაბრუნებისთანავე, იგი დააპატიმრეს და წინასწარი დაკავების საკანში გარდაცვლილი იპოვეს (გალანდაროვი აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში ბაქოსა და თბილისში). თუმცა, თავად მუხთარლი აღმოჩნდა დაკავებული.
დაშგინი აღიარებს, რომ ამ კონტექსტში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებამ დადებითი გავლენა მოახდინა მის საქმეზე. ყოველ შემთხვევაში, დისიდენტს აღარ ეშინოდა დეპორტაციისა და იმედოვნებდა, რომ მისთვის მიცემულ ვადაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც მან მიმართა დახმარებისთვის, ხელს შეუწყობდნენ მისი ოჯახის უსაფრთხო გაქცევის ორგანიზებას, ამჯერად უკვე საქართველოდან.
”შედარებით დაცულად ვგრძნობ თავს საზოგადოების, სხვადასხვა ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ყურადღების გამო“, - ამბობდა აგარლარი.
მან მართლაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, გადავიდა ნორვეგიაში და იქ მიიღო თავშესაფარი.
პრაიმთაიმი