08 იან 2020 19:30 1081

5 საქმისთვის მინიჭებული 6 წელი და 9 თვე გადის და მერაბიშვილი თავისუფლდება

 

 

ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მომავალ თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლება 20 თებერვალს იგეგმება.

„სასჯელის ვადა სწორედ 20 თებერვალს იწურება და შესაბამისად, დაწესებულება ამ დროს უნდა დატოვოს“, – ამბობს ჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება:

1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.