08 იან 2020 20:44 928

ვახტანგ ბურძენაძე ფოფხაძის მეგობარია და დისტრიბუტორად მუშაობს - ეს იყო ორმხრივი ჩხუბი

 

„პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა ორ იანვარს, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები, მათ შორის ამ საქმის მთავარი მოწმის ვინაობა, რომელიც შემთხვევის დროს სასაფლაოზე სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად იმყოფებოდა.

დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმა, მუხრან ჩხვირკიაც, რომელმაც თავს გაქცევით უშველა, 26 წლის მურადი კი მიყენებული დაზიანებებით მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასაფლაოს ინციდენტში სპეცრაზმელთან ერთად მონაწილე მეორე პირიც სამართალდამცველია არ დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ ის ზურაბ ფოფხაძის ბავშვობის მეგობარი ვახტანგ ბურძენაძეა.

40 წლის ბურძენიძე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს.

ერთი წლის წინ, მას მოულოდნელად ძმა გარდაეცვალა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სწორედ მისი ძმის საფლავზე იმყოფებოდნენ ორ იანვარს ზურაბ ფოფხაძის ავტომობილით.

ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ მეგობრის საფლავიდან გამოსულ ზურაბ ფოფხაძეს მის ავტომობილში ორი უცნობი პირი დახვდა, რომლებიც ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილის წაყვანას ცდილობდნენ.

"ბრალდებული მეგობართან ერთად იყო სასაფლაოზე, როდესაც გამოვიდა ნახა მის მანქანაში მყოფი პიროვნებები, რომლებიც ცდილობდნენ მანქანის წაყვანას. მან გადმოიყვანა ესენი მანქანიდან, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მათ დაახლობით 15 მეტრის გავლა მოახერხეს და ბოძსაც დაეჯახნენ. პიროვნება (ბრალდებული) იბრუნებდა ნივთს, რასაც მოჰყვა ცემა და სამწუხაროდ დადგა ეს შედეგი. მათ არ მიატოვეს ეს პიროვნება და ბრალდებულმა საკუთარ სახლში წაიყვანა. ის არ მიუტივებიათ. სახლში, ოჯახურ პირობებში უწევდნენ დახმარებას. და როდესაც მდგომარეობა გართულდა, თავადვე გამოიძახეს უკვე სასწრაფო და საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს იყო ორმხრივი ჩხუბი"

წყარო: "პრაიმტაიმი"