09 იან 2020 02:58 774
საქართველოს პროკურატურა ღამის 2.06 საათზე განცხადებას ავრცელებს, სადაც გვეუბნება, რომ ექსპერტმა უკვე გუშინ 8 იანვარს, ხელმეორედ დაათვალიერა მურად წურწუმიას ცხედარი და თვალი ნამდვილად არ აქვს დაკარგული, ადგილზეა!
ასევე, პროკურატურა უკვე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მურადი და მისი ძმა ცდილობდნენ ბრალდებულის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის დაუფლებას - თუმცა არ ამბობს იმას, რით დასტურდება ბრალდებულის ნათქვამი - სად იპოვეს და იპოვეს თუ არა დნმ-ი მანქანაში, იპოვეს თუ არა მურადის ძმის დნმ-ი მანქანაში და სად, რომელ სავარძელზე?
ისევე, როგორც არ საუბრობს იმაზე, რატომ არ ემთხვევა მურადის დაზარალებული ძმის ჩვენება, ბრალდებულთა ჩვენებებს!
პროკურატურა არც იმას ამბობს, რა სახის დაზიანებები აქვთ ბრალდებულებს, რადგან - თუ ეს იყო ჩხუბი და ურთიერთდაპირისპირება, როგორც თავად გვიყვება, დაზიანებები უნდა ჰქონდეს ბრალდებულებსაც!
პროკურატურა არ ამბობს რომელ საათზე დაიწყო დაპირისპირება, რამდენი საათი ჰყავდათ მურადი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ექიმის და საავადმყოფოს გარეშე, ვინ და ვისი ნომრით გამოიძახა სასწრაფო, რატომ არ ჩაბარდა პოლიციელი თავად, რატომ არ აღიძრა გატაცების მუხლითაც საქმე, ხომ წაიყვანა მურადი პოლიციელმა მანქანით სადღაც, ხომ არ გააგებინა ოჯახს?
წურწუმიამ ხომ არ თხოვა, შენ წამიყვანე, ვინც მცემდი, ოჯახში არც მიმიყვანო და არც კლინიკაშიო? არ იყო ეს გატაცება?
ისევე, როგორც არ ამბობს, რატომ არ აღიძრა საქმე წამების მუხლითაც, ექიმის გარეშე მომაკვდავი ბიჭის დატოვება როდიდან აღარ არის წამება?
თუ, რაკი თვალი ადგილზეა, წამებად აღარ ითვლება?
და ბოლოს, ამოვარდნილი თვალის ჩასმაც შეიძლება, გვქონია შემთხვევა, ოპერაციის შემდგომ, შეცდომის დასაფარად, უკვე გარდაცვლილისთვის ჩაუტარებიათ პროცედურა - გარეგანი დათვალიერებით ვერ დადგინდება თვალის ამბავი, ხელმეორე და დამოუკიდებელი ექსპერტიზა სჭირდება!
რა თქმა უნდა ვიფიქრებდით, რომ პროკურატურას მეტი დრო სჭირდება ამ ყველაფრის დასადგენად, მაგრამ რაკი დარწმუნებით იცის 2 იანვარს მომხდარი შემთხვევის დეტალები, დარწმუნებით ამბობს, რომ მურადის მანქანის გატაცება სურდა სასაფლაოდან - ე.ი. მოწმეებიც ჰყავს და საქმის მთელ სურათს ფლობს, ოღონდ ამ სურათში წამების ადგილი არ დარჩა.
შესაბამისად, რაც მეორე ბრალდებულიც დააკავეს და უკვე ყოფილ პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა ჯგუფური მუხლით - მას შემდეგ თვალზე აპელირება და ღამის სამის წუთებზე გაკეთებული განცხადება რომ ჩამქრალი თვალები ბუდეშია - კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვს, რომ პროკურატურა არ აპირებს წამების მუხლით დაამძიმოს ბრალი (?)
საქართველოს პროკურატურის განცხადება
2020 წლის 8 იანვარს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა
5იანვარს დააკავეს ბრალდებული
ზ.ფ., რომელიც პროკურატურის შუამდგომლობით, გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
აქვე განვმარტავთ, რომ 6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის დედა და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.
გამოძიების ფარგლებში, უმოკლეს პერიოდში ჩატარდა
სამოცდაათამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, დაინიშნა ექსპერტიზები და დამატებით გამოიკითხა დაზარალებული.
აღსანიშნავია, რომ როგორც ექიმების გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მურად წურწუმიას თვალის დაკარგვის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს, ექსპერტის მონაწილეობით, ხელახლა, დამატებით განხორციელდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც ასევე არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია,
რომ 2020 წლის 2 იანვარს,
ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია იმყოფებოდნენ
ქ.თბილისში, ვარკეთილის
მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“
ტერიტორიაზე, სადაც ასევე
იმყოფებოდნენ ბრალდებულები
ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს
შორის ურთიერთშელაპარაკება
წარმოიშვა მუხრან ჩხვირკიას და გარდაცვლილ
მურად წურწუმიას მიერ ბრალდებულ
ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული
ავტომანქანის
მართლსაწინააღმდეგოდ
დაუფლების ნიადაგზე. ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის
განმავლობაში. ბრალდებულებმა
ზ. ფ.-მ და ვ.ბ.-მ, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენეს
სიცოცხლისათვის სახიფათო
სხეულის დაზიანებები, რის გამოც ეს უკანასკნელი, 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ბრალდებულების
მხრიდან ჯგუფურად
განხორციელებული
ძალადობის შედეგად განიცადა
ფიზიკური ტკივილი.
ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ კი 6 იანვარს გამოიკვეთა, რომ ზ.ფ. იყო შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოქმედი
თანამშრომელი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხსენებული
საქმე შემდგომი გამოძიების
წარმართვის მიზნით
ქვემდებარეობით გადაეგზავნა
თბილისის პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილს და ზ.ფ.-ს იმავე დღეს წარედგინა ბრალი.
საქართველოს პროკურატურაში
გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ახლად მოპოვებული მტკიცებულებების,
ექსპერტიზების დასკვნების და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე.