09 იან 2020 10:22 441
უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
კატასტროფასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში. კიევი კი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, ირანში სპეციალისტებს გაგზავნის.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯგუფის შემადგენლობაში უკრაინის საგანგებო სამსახურის, თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს , ასევე საავიაციო შემთხვევების გამოძიების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იქნებიან.
„მათი მიზანი გამოძიება და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების იდენტიფიკაცია და გადმოსვენება იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ი 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.