09 იან 2020 16:39 577
ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა "თავისუფლების ქარტიის" კომისიამ ინდივიდუალურ მეწარმეს მიმართა, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. ამის შესახებ "ალიას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს:
"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები"
ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს - რუბლს აძლევდნენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებდნენ.