10 იან 2020 02:44 876
ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
"იმ დღიდან, რაც ანიტას ამბავი გავასაჯაროვეთ ყველა ნაბიჯის შესახებ ვაქვეყნებთ ინფორმაციას. ამ ეტაპზე უკვე იმდენად დიდია ინტერესი, რომ თუ ჯგუფში ე.წ. დღის შემაჯამებელი პოსტი იგვიანებს, პირად შეტყობინებებში მწერენ და მეკითხებიან თუ როგორ არის ბავშვი. რა თქმა უნდა, მეც და ასევე ოჯახის ყველა წევრს თავი ანგარიშვალდებულად მიგვაჩნია ჩვენი გოგოს ამბით დაინტერესებულ ყველა ადამიანს გავცეთ პასუხი და მადლობაც გადავუხადოთ ასეთი სიყვარულისა და ყურადღებისთვის.
მოგეხსენებათ, გუშინ დაიდო ინფორმაცია, რომ ინდოელმა მეცენატმა სურვილი გამოთქვა დაეფინანსებინა ანიტას თერაპიული მკურნალობა. ამის შესახებაც დავდევით დეტალური ინფორმაცია. თუმცა არის კითხვა, რომლითაც რამდენიმე ადამიანმა მოგვმართა და თავს ვალდებულად ვთვლი გავცე პასუხი.
კითხვა: რადგან მკურნალობა დაგიფინანსეს, რას უშვებით უკვე მოგროვილ თანხას?
პასუხი:
1. საუბარია მხოლოდ თერაპიული კურსის დაფინანსებაზე და ჯერ არ არის ცნობილი ბავშვს დასჭირდება თუ არა აპარატის ჩადგმა, ან გულის გადანერგვა, ან ორივე ერთად. შესაბამისად, ეს თანხა რჩება ანგარიშზე მანამ, სანამ ბავშვი სრულად არ გამოჯანმრთელდება და არ დავრწმუნდებით, რომ მისი გამოყენების საჭიროება აღარ არის;
2. როგორც კი ანიტა გამოჯანმრთელდება ანგარიშზე დარჩენილ თანხას სრულად, ბოლო კაპიკამდე გადავურიცხავთ სხვა პატარებს, რომლებიც ამას საჭიროებენ;
3. ჯერ ბავშვის მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც სტაბილურად მძიმე და ჩემთვის ცოტა უხერხულია ფინანსურ საკითხებზე საუბარი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ პირველ რიგში ისევ ჩვენი, ოჯახის ინტერესშია არ დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი.
თხოვნაა კომენტარებში, თუ მის გარეთ ამ პოსტს ნუ გადავაქცევთ მსჯელობის საგნად, უბრალოდ მიიღეთ ცნობისთვის.
მართალია წინ ჯერ კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა გველოდება, მაგრამ თქვენთან ერთად უკვე აღარაფრის გვეშინია და ვიცით, რომ ერთად შეუძლებელს შევძლებთ ანიტას ❤️-სთვის."