10 იან 2020 10:16 671

მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო

 

 

მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო.

EMC-ის ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინება მათ, როგორც მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველებმა ევროსასამართლოსგან ოფიციალურად მიიღეს. საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად საქართველოს მთავრობას ვადა 31 მარტამდე აქვს.

მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას აპროტესტებენ - მათ შორის არის სიცოცხლის უფლება და არაადამიანური მოპყრობა.

მათი მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თქმით, პოზიციის გაცნობის შემდგომ, მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს მათ პასუხი 6 კვირის განმავლობაში უნდა გასცენ.

"სახელმწიფოს ეძლევა 12-კვირიანი ვადა ისევ და ისევ იმისთვის, რომ თავისი პოზიცია წარმოადგინოს, წარმოადგინოს ასევე შესაბამისი საქმის მასალები და გასცეს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს პასუხი.

ამისთვის საბოლოო ვადა განსაზღვრულია 31 მარტი და როდესაც გავეცნობით ამ პოზიციას, ჩვენ უკვე გვექნება დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში შესაძლებლობა, რომ პასუხი გავცეთ მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს," - განმარტა EMC-ის იურისტმა თამარ სამხარაძემ.