10 იან 2020 10:30 714

ტელეკომპანია “კავკასიამ” მაყურებლისგან შემოწირულობების მიღება დაიწყო

 

 

ტელეკომპანია “კავკასია” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“კავკასიამ” ოფიციალურად დაიწყო შემოწირულობების მიღება მხარდამჭერებისგან და მაყურებლისგან” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან რეკვიზიტები აქვს დართული.

 

“2020 წელი რომ ქართული მედიისთვის რთული იქნება, უკვე ცხადია. ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს უკონტროლო მედიის გასანადგურებლად, მათ შორის ფინანსურ ბერკეტებს, რაც რეალურად დამოუკიდებელი მედიისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. კავკასია 25 წელია არსებობს და ყოველთვის ვცდილობდით დამოუკიდებლად გავმკლავებოდით პრობლემებს, რომლებსაც ყოველთვის მშვიდად ვიღებდით, როგორც თავისუფლების საფასურს. წლებია ვცდილობთ, ტრადიციული ბიზნესმოდელით ტელევიზიის განვითარებას, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში ამის შანსები ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ პრობლემებთან შეგუებას და ვთვლით, რომ დღეს ძლიერი, რეალურად დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების არსებობა უმნიშვნელოვანესია. თქვენმა მხარდაჭერამ რთულ პერიოდში გადაგვაწყვეტინა მივმართოთ გზას, რომელიც აქამდე არასოდეს გამოგვიყენებია: ჩვენი მაყურებლის, გულშემატკივრების და იმ ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი მედიის არსებობა. ჩვენთვის დიდი სტიმულია ყოველი თეთრი, რომელსაც თქვენ გაიღებთ არხის განვითარებისთვის.“– ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დეკემბრის ბოლოს რამდენიმე არხის, მათ შორის “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო. კომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, მიმდინარე გადასახადების გადახდა სპეციალურად, პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ “რუსთავი 2″–ს, “მაესტროს” და “იმედს” ბიუჯეტის დავალიანება 55 მილიონი ლარი აქვს და მათ დაფარვას არავინ თხოვს. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებისგან 1 ოქტომბრის შემდეგ დაგროვილი დავალიანების დაფარვა მოითხოვა, ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.