10 იან 2020 14:02 722
2019 წელს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა 19-მა მოსწავლემ, რომელთაც ზოგადი, საბაზო და დაწყებითი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს. საქართველოს განათლების სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის (ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი) წარმომადგენელმა, სოსო ცოტნიაშვილმა ავრცელებს, ის დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს:
,,კომისიამ მოახდინა 16 პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული სრული ზოგადი განათლების, 2 პირის მიერ მიღებული საბაზო საფეხურისა და 1 პირის მიერ მიღებული დაწყებითი საფეხურის განათლების აღიარება.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემულ დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა. იმისათვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ოკუპაციის შემდეგ სწავლა გააგრძელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ სკოლებში, შემუშავდა ზოგადი განათლების აღიარების წესი. ამ წესის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახდენს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ატესტატს). ამ მიზნით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს ზოგადი განათლების აღიარების თხოვნით შემოსულ განცხადებებს. "
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო გრანტი მისცეს 2 სტუდენტს, რომლებმაც ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს.
ქართლი.ჯი