10 იან 2020 14:38 828

"ფულის ტომრიანებს ვანახოთ ვისია ეს ქალაქი" - ვარკეთილის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

 

 

პოლიციელებმა 4 პირი დაკაავეს ვარკეთილში, “ანას ბაღის” დასაცავად გამართულ აქციაზე. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცავები მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც “ანას ბაღის” გადასარჩენად ორგანიზებული ჯგუფი ფეისბუქზე წერს, კერძო დაცვის 50-მდე თანამშრომელმა “ანას ბაღის” მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის შესასვლელიდან ძალით გაიყვანა თეთრი მიკროავტობუსი და სამშენებლო ტრაქტორს მისცა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება.

ამის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“როგორც ჩანს, გზას უმზადებენ მიწისმთხრელს. ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! მოგმართავთ მთელს ვარკეთილს, მთელს თბილისს, ამ ბრძოლის დათმობა არაფრით არ შეიძლება. ქალაქის ხელისუფალთ და ფულის ტომრებიან მოძალადე ბიზნესმენებს ვანახოთ ვისია ეს ქალაქი”, – წერს საორგანიზაციო ჯგუფი ფეისბუკზე.

 

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარცენად აქციებს მართავს. მათ ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.