10 იან 2020 15:57 1481

"ღუდუშაურის კლინიკას ახალი წლის ღამეს ექოს გადაღება და ბავშვის გულისცემის მოსმენა დაეზარა"

 

ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” დამფუძნებელი თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ჩაიარა სადღესასწაულო დღეებმა და ახლა უნდა მოვყვე 31 დეკემბრის 23:50-ზე რაც თავს გადამხდა ღუდუშაურის კლინიკა Gudushauri Clinic-ში.

მოკლედ, მთელი 31 დეკემბერი სამზარეულოში გავატარე. ვერ ვიტყვი, რომ დავიღალე, მაგრამ ანთებულ გაზქურასთან ყოფნამ და მეტმა დატვირთვამ მაინც თავისი ქნა. საღამოს შევამჩნიე, რომ ბავშვი არ მოძრაობს. წამოვწექი ისე, როგორც ვერ იტანს და დაველოდე 20 წუთი. 5-10 წუთში რომ ჭიდაობას იწყებს და გადაბრუნებას მთხოვს, ახლა ჩქამი არ გაუღია. თანდათან ისე დავიძაბე, რომ მე და გიგა სახლიდან გავვარდით და ღუდუშაურში მივქანდით. კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი შემომხვდა დერეფანში, უკვე ახალი წელი დგებოდა და მაინც და მაინც ჩემთვის არ ეცალათ. ყოველ შემთხვევაში, სანამ მე არ გამოველაპარაკე, არაფერი უკითხავთ. მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, პასუხად მივიღე, რომ პროგრამა გამორთულია და ვერ გააკეთებდნენ ექოს (პროგრამა თუ არ იმუშავებდა, ვერ გადავიხდიდი, ოფიციალურად პასუხს ვერ დამიწერდნენ ანუ ფორმალური მხარე ადარდებდათ. ამას მე თვითონ მივხვდი, თორემ არ იფიქროთ, ვინმემ ამიხსნა). მერე ახალი წლის დადგომით აღტყინებულები გაეშურნენ სადღაც დერეფნის ბოლოსკენ. ვიღაცის კაბინეტში იკრიბებოდნენ, სახელი ვერ დავიმახსოვრე. ისე ჩამიარეს და გააგრძელეს გზა, არავითარი შეკითხვა არ დაუსვამთ, რა მაწუხებდა. გამოვედი, ექოსკოპია არცერთ სამშობიაროში არ მუშაობდა (ძალიან საინტერესოა, 30-31-ში ბავშვები არ ჩნდებიან თუ ორსულის გადაუდებელი საჭიროებები არ დგება?). ბოლოს გავარკვიეთ, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის სახლი მუშაობდა და გავეშურეთ ყოფილი არამიანცის საავადმყოფოსკენ.

იმ დროს, როცა ახალი წლის და პროგრამის გათიშვის საბაბით მუცელზე ორი წუთით ექოს დადება და გულისცემის მოსმენა დაეზარათ პატივცემულ მედიცინის მუშაკებს, მე ქალაქის ერთიდან მეორე ბოლოში მიმავალი გზაში ვასრულებდი ჩემს მოვალეობას და საახალწლო რელიზს ვწერდი, რადგან ასე იყო საჭირო.

შემეძლო, რომ ჯანდაცვაში ჩემი მეგობრები შემეწუხებინა და პროგრამაც ჩაერთოთ, მაგრამ ეს არაა გამოსავალი. მიდგომა ხომ ყველა პაციენტის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. საბოლოოდ, მშვიდობა აღმოჩნდა. ჟანგბადმაც თავისი ქნა. ამ ამბავმა კი კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, პასუხისმგებლობა კი ძირითად შემთხვევაში ნულზე.

ვინც მიცნობთ, იცით, რომ არცერთ სიტყვას არ გადავაჭარბებდი."