10 იან 2020 16:18 704
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, გარკვეული ადგილების საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოვსების შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განმარტება გააკეთა:
„ამ პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სანაგვე ურნები უნდა დამონტაჟდეს, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიების, მწვანე ეკონომიკის ნაწილი. ბუნებრივია, სანამ ჩვენ ამ მიწისქვეშა ურნებს დავაკომპლექტებთ, რომლებიც უკვე შეკვეთილია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით, ეს ადგილები საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოვსებულიყო. ეს არის დროებითი ღონისძიება, მაგრამ საკრებულოს ჯამბაზმა ხაბეიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სეზონი გახსნა. ის ცდილობს ყურადღება მიიქციოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
ჭავჭავაძის გამზირზე, 90 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ურნა დამონტაჟდება. მინდა, განვაცხადო, რომ ასეთი ურნები მხოლოდ ჭავჭავაძეზე არ იქნება. ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება სეპარირების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება“