10 იან 2020 17:07 630

მოსამართლე არევაძემ გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და მერე საქმის აცილება გამოაცხადა

 

ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესზე 500 ლარით დააჯარიმა და საქმეს თვითაცილება მისცა.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში ადვოკატების გარეშე მივიდა და პროცესს ესწრებოდა. მას მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რის გამოც მოსამართლემ გვარამია შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა და თქვა, რომ ამის გამო მისი დაკავების მოთხოვნაც შეეძლო, უბრალოდ ასე არ მოიქცა.

ამის შემდეგ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა.

„მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან 3 იანვარს გააძევეს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ მისი გაძევების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, მოსამართლე, გიორგი არევაძე იანვარში ბევრ პროცესს ნიშნავს, რაც მისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია. ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის: ბრალდების თანახმად, რუსთავი1-ის დირექტორობის დროს ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსს" კომერციული რეკლამის განთავსების უფლება უკანონოდ დაუთმო. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2"-ის ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ 2015 წელი რისკებს შეიცავდა, სწორი იყო წინასწარ დადგენილი თანხით ხელშეკრულების გაფორმება.