11 იან 2020 10:37 482

ხაჯიმბა ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას გაასაჩივრებს

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ ე.წ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ხაჯიმბას პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და შესაძლოა რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს. ეს გადაწყვეტილება სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის და უზენაესი სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე იყო მიღებული. ასეთი ზეწოლის დროს სასამართლოს არ ჰქონდა ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობები, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“, - აღნიშნულია ხაჯიმბას პრესსამსახურის განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%. 

2020 წლის 10 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. 

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დე ფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა, ხაჯიმბამ კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.