11 იან 2020 15:33 760

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო

 

 

თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. სააგენტო IRNA-ს ცნობით, ამის შესახებ სამხედრო-კოსმოსური ჯარების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ამირ-ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.

„ავიაკატასტროფაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად აღიქვა, ოპერატორმა კი ტექნიკური გაუმართაობის გამო მეთაურობასთან დაკავშირება ვერ შეძლო. გადაწყვეტილების მისაღებად მას მხოლოდ 5 წამი ჰქონდა და, სამწუხაროდ, მან თვითმფრინავის ჩამოგდება გადაწყვიტა“, - განაცხადა ჰაჯიზადემ.

მისივე თქმით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშის დასრულებამდე სამხედროებმა ავიამიმოსვლის დროებით შეჩერება მოითხოვეს, თუმცა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ამასთან ერთად, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები საფრანგეთს გადასცეს. ავიაკატასტროფის შემდეგ ირანელმა სპეციალისტებმა შავი ყუთების გაშიფვრა ვერ შეძლეს, რის გამოც თეირანმა კანადას, საფრანგეთსა და აშშ-ის დახმარებისთვის მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ ირანმა უკრაინას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და აშშ-ს დამოუკიდებელი ლაბორატორიის შერჩევა სთხოვა და საბოლოოდ არჩევანი საფრანგეთის სასარგებლოდ გაკეთდა.

11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.