11 იან 2020 15:43 755
„ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია“,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
„მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას ვყიდულობთ, აქედან წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15 გვჭირდება, დანარჩენის ჩამოწერა ხდება. მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს.
მეორე მაგალითი - დიქტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიქტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან, იმ შრატს ვადა გაუვა, უნდა ჩამოწერო, ანუ ეს გახლავთ სტრატეგიული ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით.
ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჩამოიწერა დაახლოებით 2 000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, მისამართები ვიცი, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ, რომ 16 000 ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი ხომ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.