11 იან 2020 16:31 1191
25 დეკემბერს, თბილისიდან ბელარუსიისკენ საჰაერო მგზავრობა 2 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ერთ თვითმფრინავში მოხვდნენ ქალი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და რუსთაველი 18 წლის ბიჭი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იხსნა. “ბორტის გმირი” – ასე შეარქვეს მგზავრებმა ბუბა ჯიმშიაშვილს. მან თვითმფრინავში შუახნის ქალს გაჩერებული გული აუმუშავა. დაშვებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როცა ბორტ-გამცილებელმა რუსულ ენაზე იკითხა, “აქ ვინმეს ხომ არ შეუძლია ადამიანს პირველადი დახმარება გაუწიოს?” – ასეთი სწორედ ბუბა აღმოჩნდა. “უკანა რიგებში ვიჯექი მარტო, მშვიდი მგზავრობა იყო. რუსულად მესმის ხმა, ვისაც გაქვთ პრაქტიკა ან ვისაც შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, წინ გამოიწიეთო. მეც წამოვდექი, მაინტერესებდა სიტუაცია, რა ხდებოდა. პრაქტიკებს გავდიოდი კლინიკა “რუსთავში” და შეხება მქონდა მედიცინასთან. მივედი ადგილზე და ასეთი სიტუაცია დამხვდა, ქალს ჰქონდა პირღებინება და შემდეგ გული წაუვიდა. ეგრევე ძირს დავაწვინე, წნევა გავუსინჯე, პულსი არ იყო. დავიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი”, – უყვება ბუბა “ინფო რუსთავს”. როგორც ბორტზე მყოფი მგზავრები იხსენებენ, რუსთაველი ბიჭი ქალს დახმარებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უწევდა. ერთ-ერთი მგზავრი საინფორმაციო სააგენტოს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამ დროს თვითმფრინავში სრული პანიკა იყო, თუმცა მშვიდი იყო 18 წლის ბიჭი, რომელიც ქალის გადარჩენას ცდილობდა. “კივილ-წივილი იყო. ქალს არასრულწლოვანი შვილი ახლდა თან. სრული ქაოსი და პანიკა შეიქმნა, თუმცა ეს ახალგაზრდა ბიჭი არ დაბნეულა. 20 წუთი მასაჟს უკეთებდა, შემდეგ ჟანგბადზე გადაიყვანა”, – უყვება საინფორმაციო სააგენტოს ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი. პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, თუმცა, რუსთაველი ბიჭის წყალობით, ადგილზე მისულ სასწრაფოს, ქალი გონებაზე მოსული დახვდა. ბუბა ჯიმშიაშვილი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა რუსთავის #18 საჯარო სკოლა. ბავშვობიდან ოცნებობდა ექიმი გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ექიმი არაა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე მის სამედიცინო პრაქტიკაში უკვე იწერება. 18 წლის “ბორტის გმირი” ბელარუსიის გავლით რუსეთში, მამასთან მიფრინავდა.
ინფო რუსთავი