11 იან 2020 16:45 1610

“არ არის ბატონი პრემიერი მართალი” – რა მოიტყუა სომხეთის პრეზიდენტმა

 

 

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომ სომხეთის ეკონომიკამ საქართველოსას გაუსწრო, სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებს აქვეყნებს:

“განა რამე განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ვისაც გაინტერსებთ აგერ არის მონაცემები და არ არის ბატონი პრემიერი მართალი 
აზერბაიჯანი – მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში $18,615;
საქართველო – მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში $12,227;
სომხეთი – მშპ ერთ მოსახლეზე PPP დოლარებში $11,083″ – თინა ხიდაშელი

შეგახსენებთ: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მიმდინარე ფასებში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით საქართველოს გაასწრო. ფაშინიანს აღნიშნულის დასამტკიცებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მდგომარეობით მიმდინარე ფასებში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე $4,527-ს შეადგენდა, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი ამაზე $238 დოლარით ნაკლები, $4,289 იყო. თავდაპირველად ფაშინიანის პოსტში ეწერა, რომ სომხეთმა მშპ-ის დონით აზერბაიჯანსაც გაუსწრო, თუმცა შემდგომში აღნიშნული პოსტი შეასწორა და დაწერა, რომ სომხეთს აზერბაიჯანისთვის 2019 წელს არ გაუსწრია, თუმცა IMF-ის პროგნოზით 2020 წელს გაუსწრებს.

ნიკოლ ფაშინიანის პოსტი:

“საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი, რომ 2019 წლის შედეგებით ჩვენ საქართველოს გავუსწარით, 2020 წელს კი აზერბაიჯანსაც გავუსწრებთ. იხილეთ ბმული. 

P.S პოსტის პირველი ვერსია არასწორი იყო, რისთვისაც მე ბოდიშს ვიხდი. ჩვენ აზერბაიჯანისთვის არ გაგვისწრია, თუმცა მომდევნო წელს მათ გავუსწრებთ,”- წერს ნიკოლ ფაშინიანი.