12 იან 2020 11:40 550
გვიან ღამით თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.
სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი უკვე დააკავა, რომელსაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
„1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.