12 იან 2020 11:43 541

„ბასიანთან“ დაჭრილ ორ პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთი კი კლინიკას მალე დატოვებს

 

 

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი სამი პირიდან ორი სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან მალე გაწერენ.

როგორც ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორ პაციენტს, რომლებსაც ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა სამი პაციენტი, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი და ორი მამაკაცი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი ჭრილობები კიდურებზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ორი მათგანი აგრძელებს ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას, ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. საშუალო სიმძიმის მდგომარეობებია. ორ მამაკაცს ქვედა კიდურებში აქვს დაზიანება, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილია ზურგის მიდამოში. ახალგაზრდა მამაკაცს შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს. ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ორ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა კიდურებზე ჭროლობები. ჯერჯერობით გართულებებს არ ველოდებით“ ,- განაცხადა  სულხან სამხარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსაროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა სამ პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.