12 იან 2020 14:34 804

მეორედ მოსვლა ახლოსაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მოვემზადოთ - ილია მეორე

 

 

მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. ამის შესახებ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. 

„დღეს არის სხვა წმინდანებთან ერთად ხსენება წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის, „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე.

სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან.

მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის.

მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები - მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მიეცი, ძალიან აქტუალურია.

გილოცავთ ამ დღესასწაულს. დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა“, - ილია მეორემ.