12 იან 2020 14:35 464

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმარტება

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ამის შესახებ რუსულ მედიას დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცესკოს წევრებმა თითქმის ერთხმად მიიღეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის სექტემბერში, ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%. 

2020 წლის 10 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. 

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხაჯიმბამ კი განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.