13 იან 2020 10:34 663

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდებიან

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათგან მიიღებენ ინფორმაციას, რა ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.

„ადვოკატთან ერთად, ალბათ მე და კონსტანტინეც ვიქნებით პროკურატურაში და რა თქმა უნდა, კითხვებიც მაქვს და მოლოდინებიც, რომ ახალი დეტალები გაირკვევა. გარდა ამისა, ოთხი თავდამსხმელისგან ერთ-ერთი არასაკმარისი სამხილების გამო გათავისუფლებული იყო სასამართლო დარბაზიდან. იმედი მაქვს, რომ ამ ხნის განმავლობაში, თითქმის სამი კვირა გავიდა, ახალი დეტალები შეემატება გამოძიებას, რადგან ის, რაც ვიცოდით აქამდე, პირველი ორი სამი დღის განმავლობაში გახდა ცნობილი. ახლა ვფიქრობ, რომ გამოძიებას უკვე ახალი სამხილებიც დაემატება და ახალი დეტალებიც. გარდა ამისა, მაგალითად, მაინტერესებს, არის თუ არა ამოღებული ცოტნესთან შემავალი ზარები იმ დროს, რადგან ცოტნე მეორეჯერ როცა გავიდა სახლიდან, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ვიღაც უნდა ენახა და ვიღაცას უნდა შეხვედროდა. ცოტნე აღელვებული არ იყო, იგი ჩხუბს არ ელოდა იქ და არც თავდასხმას, მაგრამ მითხრა, რომ ვიღაც უნდა ნახოს და მალე შემოვა. პროკურატურაში ალბათ 19:00 საათისთვის მივალთ. წინასწარ დამიკავშირდება ადვოკატი. სხვა ახალი ინფორმაცია არავის მოუწოდებია“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

მისივე თქმით, მეზობლებსაც ესაუბრა და მათი მონაყოლიდან იკვეთება, რომ არავითარი დაპირისპირება და შელაპარაკება სუფრასთან არ ყოფილა.

„ვესაუბრე ძალიან ბევრ მეზობელს, მათ შორის ნეიტრალურ პირებსაც, ვინც სუფრასთან იმყოფებოდა, რომელთა თქმით, არ ყოფილა არავითარი მნიშვნელოვანი დაპირისპირება, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური დაპირისპირება და იმდენად მცირედ დაძაბულობას ასახელებენ მიზეზად, ეს წარმოუდგენელია იყოს მიზეზი, რომ ოთხი-ხუთი ადამიანი თავს დაესხას ერთ მშვიდობიან ადამიანს, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოდის და მოსაკლავად გაიმეტონ. მე მიზეზიც მაინტერესებს, რადგან ეს მიზეზი ფაქტობრივად ცნობილი არ არის ჯერჯერობით. ვერ გეტყვით, რა იყო მიზეზი. ერთ-ერთი იყო მეზობელი, ჩხეტიანს ვგულისხმობ, რომელიც ასევე ელოდებოდა იმ თითქმის უცნობ თავდამსხმელებთან ერთად ცოტნეს, ჭიშკართან“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.