13 იან 2020 11:30 896
24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ნაწამები ახალგაზრდა არა ქუჩაში, არამედ ის ერთ-ერთი დაკავებულის ვახტანგ ბურძენაძის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში ჰყავდათ.
სპეცრაზმელმა და ბურძენაძემ სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ახალგაზრდის მდგომარეობა დამძიმდა.
"დაუმალა, არ მიაწოდა სასწრაფოს სწორი ინფორმაცია და შეიძლება ამიტომ იყო საკითხის იმგვარად ფორმულირება, რომ თითქოს ეს ადამიანი ქუჩაში მიატოვეს და ასე შემდეგ... რეალურად გარდაცვლილი პიროვცნება იმყოფებოდა ვახტანგ ბურძემაძის ოჯახში"- აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება წურწუმიასთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (ჯგუფურად) მიყენება, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ბურძენიძისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე ბრალდებებით დაპატიმრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე, რომელიც სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა.
გამოძიების ცნობით, 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოსთან ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი.
ნიუპოსტი